„გამოაცხადეთ ორივე ვარიანტი რთულად და დაგვიმატეთ ქულები“ - როგორ აფასებენ მათემატიკის გამოცდას აბიტურიენტები
12-07-2021

აბიტურიენტების უმეტესობა მათემატიკის გამოცდის სირთულით უკმაყოფილოა და ორივე ვარიანტზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან, ქულის მომატებას  ითხოვს .

უკმაყოფილებას აბიტურიენტები, მშობლები და მასწავლებლები სოციალურ ქსელში ღიად გამოთქვამენ. მათი თქმით, პანდემიის ფონზე, როცა მოსწავლეები არათუ სკოლაში, რეპეტიტორებთან სიარულსაც კი ვერ ახერხებდნენ სისტემატურად, ასეთი სირთულის ტესტი არ უნდა ყოფილიყო.

გთავაზობთ, შეფასებებს:

„რა იყო მათემატიკის გამოცდა - იმედია, რთულად გამოაცხადებთ და მოუმატებთ ქულებს“;

„გამოაცხადეთ მათემატიკის ორივე ვარიანტი რთულად და ბავშვებს დაუმატეთ ქულები. ისეთი სწავლის დონე გაქვთ, რომ ამ სირთულის ტესტები შეუტანეთ ბავშვებს? გამოასწორეთ თქვენი შეცდომა“;

​„მათემატიკა ნამდვილად რთული იყო. ვფიქრობ, უნდა გაეთვალისწინებინათ პანდემიის პერიოდი, როდესაც ბავშვები ვერ ახერხებდნენ სკოლაში კი არა, რეპეტიტორებთან სიარულსაც კი, პლუს კიდევ პირბადე, ნამდვილად უთანასწორო პირობებში ჩააყენეთ ბავშვები“;

„დრო არ ეყოთ ბავშვებს, ნახევარი საათი კიდევ უნდა დაემატებინათ“;

„აბიტურიენტები ვართ დასტრესილნი, რეალურად, იმის ფონზე რაც ხდება ყველას გვეგონა, ხელს შეგვიწყობდით, გამარტივებას თუ არა იმ სირთულის ვარიანტებს მოგვიტანდით, რაც 2020 წელს იყო. მაგრამ არა, ისეთი საკითხები იყო მეგონა რამე პროფესიულ დონეს ვწერდი, კალკულუსი მიმიქარავს. 5 საკითხი მოაშორეთ, დრო მოგვაკელით და ამას ეძახით გამარტივებას? მერჩივნა +5 საკითხი დამეწერა და იგივე სირთულის ყოფილიყო რაც წინა წლებში იყო. არაადამიანები ხართ, ვინც ეს ტესტი შეადგინა. მეტი არ ვიცი, რა ვთქვა. იმედია, გაითვალისწინებთ და ამდენ ბავშვს არ გაწირავთ“;

„სკოლაში ნახევარიც არ ისწავლება იქიდან, რაც ტესტებში იყო და ამოცანებზე ხომ აღარ არის ლაპარაკი. მაშინ საჯარო სკოლაშიც აამაღლონ მათემატიკის დონე“;

„ჩემი შვილი გაწურული გამოვიდა, გაბრაზებული და დათრგუნული. ვერ გააკეთა 4 ქულიანი ამოცანა. ბავშვი განადგურებულია, მოვიდა და სახლში ცდილობდა აეხსნა. შარშანდელთან შედარებით ურთულესი იყო“;

„2 წლიანი პანდემიის ფონზე გამოცდას ასე რომ გაართულებ, უსინდისო უნდა იყო. ჯერ კეთილი ინებეთ და სკოლებში განათლებას მიხედეთ. ტესტები მერე გაართულეთ“;

„მათემატიკის გამოცდიდან დათრგუნული გამოდიოდნენ ბავშვები ტესტის სირთულის გამო... საერთოდ, მათემატიკის გამოცდის დროს ისედაც არათანაბარ პირობებში არიან ბავშვები, გაძლიერებული მათემატიკური სკოლის ბავშვები და ჩვეულებრივი სკოლების ბავშვები ერთსა და იმავე ტესტს წერენ, ეს დიდი უსამართლობაა. ამიტომაც არის მათემატიკის გამოცდა ყოველთვის რთული, რომ გაძლიერებული რეჟიმით მომუშავე ბავშვებზეა მორგებული“;

„განათლების სისტემა კი არა, არ ვიცი რა ვუწოდო, უსამართლო გადაწყვეტილებების ბრბო ხართ, იმის მაგივრად რომ მარტივი ტესტები ჩაგესვათ, იმდენად რთული იყო რომ ყველა ბავშვი გაგვანადგურა, სამარცხვინოები ხართ“.

მათემატიკის გამოცდა 9 ივლისს ორ სესიად ჩატარდა. გამოცდაზე  12 900-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა რვა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება.

იხილეთ ასევე: ლოგარითმები, პროგრესები და ფუნქციები - მათემატიკის საკითხებთან ერთად, აბიტურიენტები ქართულისა და უცხოური ენის გამოცდას აფასებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203