დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ, დილის სესიიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ და როგორც ამბობენ, ტესტი რთული სულაც არ გახლდათ; საკითხები კი თითქმის ერთნაირად იყო მოსული როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიიდან.
ისტორიის გამოცდას 2 დღის განმავლობაში 22 200 - მდე აპლიკანტი დაწერს.
გაეცანით აბიტურიენტების მიერ გამოცდიდან გამოტანილ საკითხებს:
„ასეთ მარტივს არ ველოდი. თითქმის თანაბრად იყო საკითხები საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან. წყაროები 1924 წლის აჯანყებაზე მოვიდა. ილუსტრაციები მსოფლიოს ისტორიიდან იყო, ერთ-ერთზე ჩერჩილი იყო გამოსახული. რაც შეეხება რუკას - ოსმალების ლაშქრობას ეხებოდა“.
„2 ფოტო იყო, რომელიც რკინის ფარდის ილუსტრაციას წარმოადგენდა და უნდა დაგვეწერა, რა პერიოდს ასახავდა, ვინ მონაწილებდა და რით დასრულდა. რუკა მე-13 საუკუნის მონღოლთა ლაშქრობებზე იყო, რა მიმართულებით მიმდინარეობდა ომები, ეს უნდა დაგეწერა“;
„ძალიან მარტივი ტესტი იყო, რუკა - მონღოლების ლაშქრობაზე, ისტორიულ წყაროში იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაზე. ილუსტრაცია ეხებოდა ცივ ომს, რკინის ფარდას და უინსტონ ჩერჩილს. ვერ ვიტყვი რომ რთული ტესტი იყო“;
„საშუალო სირთულის ტესტი იყო. შეკითხვები იწყებოდა შედარებით მარტივი კითხვებით მსოფლიო ისტორიიდან. კითხვები აშშ-ს შექმნასთან დაკავშირებით იყო მოსული, ასევე მსოფლიო ომების სხვადასხვა ბრძოლებიდან, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან. ილუსტრაციები მოვიდა ე.წ რკინის ფარდის პერიოდიდან, წყაროს ანალიზი ვწერეთ საქართველოში მიმდინარე აჯანყებებზე რუსეთის წინააღმდეგ, რუკის ფრაგმენტი კი მოვიდა მონღოლების დაპყრობებიდან. ძირითადად, ფიგურირებდა კითხვები უახლესი ისტორიიდან“.