არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები მაინც აგვიანებენ. მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის ისეთი, როგორიც გამოცდის თარიღის დავიწყება. თუმცა ამჯერად, სიტუაცია მართლაც განსხვავებულია.
უცხოური ენის გამოცდაზე ერთ-ერთმა აბიტურიენტმა უამინდობის გამო დაიგვიანა. როგორც აპლიკანტის ახლობელი „ეტალონთან“ საუბრისას აღნიშნავს, მოზარდი სწავლის პარალელურად მუშაობს. იმ დღეს კი საშინელი ამინდი იყო და ამიტომ დაიგვიანა.
„ჩემს შვილს გქონდა უცხო ენაში გამოცდა და ძლივს ჩავაღწიეთ ადგილამდე. კოკისპირული წვიმა იყო, გზაზე ხილვადობა არ იყო და სიმართლე გითხრათ ძალიან შეგვეშინდა. ისეთი ელჭექი იყო, ანათებდა ყველაფერს.
გამოცდაზე შესულ ბავშვს მანქანაში ვუცდიდი, უცებ სირბილით მოვიდა ბიჭი, ჯერ ვერ დამინახა, შემოირტყა თავში ხელები და ვიცანი ჩემი შვილის კლასელი, რომელსაც გამოცდაზე 2 წთ დააგვიანდა. უამინდობის გამო დააგვიანდა... ისე განვიცადე ეს სიტუაცია, ყველა მშობელი ტიროდა, როცა უარი უთხრეს შეშვებაზე.
მეგონა, პანდემია შეცვლიდა ადამიანებს, მეტი თანაგრძნობა და ადამიანობა ჩამოუყალიბდათ თუმცა საპირისპირო აღმოჩნდა.
ეს მოხდა სანზონაში, N32 სკოლაში - ბიჭი მარტოხელა ქალის შვილია, რომელიც ძალიან ნიჭიერია. თვითონ მეცადინეობდა და პარალელურ რეჟიმში მუშაობდა. არ უნდა ხდებოდეს ასე”, - გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის დედამ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა,
მისივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა აბიტურიენტს განაცხადის დაწერა შესთავაზეს, თუმცა მას არც მეორე დღეს შეხმიანებია ვინმე.
„ფაქტობრივად გვითხრეს, დაწერეთ განცხადება, მაგრამ არაფერი შეიცვლებაო. ღვთისნიერმა ბიჭმა იმ წამსვე წაიყვანა საგამოცდო ცენტრში იმ იმედით რომ მეორე დღეს მაინც დაუშვებდნენ. თუმცა ამ აბიტურიენტს არავინ შეხმიანებია“, - აღნიშნავს გულშემატკივარი.
აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და დაინტერესდა: განაცხადის საფუძველზე რომელიმე აპლიკანტს დაუკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა გამოცდის სხვა დროს ჩატარების შესახებ; რა მიზეზი ეთვლება აბიტურიენტს საპატიოდ გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში და რამდენად შესაძლებელია, დამატებით დანიშნულ სესიაზე გავიდნენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც, გარკვეული მიზეზების გამო 1 ან 2 წუთი დაიგვიანეს?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვიპასუხეს, რომ „წინა წლების მსგავსად დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება. მათთვის არც დამატებითი სესია დაინიშნება“.