„პრაქტიკოსებს ისე გვიყურებენ, თითქოს მთელი ცხოვრება არაფერი გვიკეთებია“ - გამოცდიდან გამოსული მასწავლებლები ტესტს აფასებენ და საკითხებზე საუბრობენ
14-07-2021

პროფესიული უნარების ტესტების პირველი სესია დასრულდა. პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი ტესტს საკმაოდ რთულად აფასებს, თუმცა აღნიშნული გამოცდის საჭიროებაზე აზრი, წინა წლების მსგავსად, ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ პროფესიული უნარების გამოცდა მასწავლებლების ტყუილი წვალებაა, ზოგიერთი პედაგოგისთვის კი ეს ცოდნა და უნარები მნიშვნელოვანია.

„40 წელია მასწავლებელი ვარ, რა უნარები მჭირდება არ მესმის. არაქართულენოვან სკოლაში ვასწავლი, სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი გამოცდაზე გამოსვლას, მაგრამ მითხრეს, რომ თუ არ გავიდოდი, სკოლაში მუშაობას ვერ გავაგრძელებდი. ბავშვები მიყვარს, ამიტომაც დავთანხმდი გამოცდაზე გასვლას“,- გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც პროფესიული უნარების გამოცდას 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.

„რთული იყო. ღია კითხვები განსაკუთრებით გამიჭირდა, ტესტები უფრო მარტივი იყო. რაც ვიცოდი, იქიდან არც ერთი საკითხი არ მოსულა. ორი თემიდან ერთი დავწერე, მეორე - ვერ“,-აღნიშნა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგმა.

„თემა იყო დასაწერი: როგორ უნდა განუვითარო დროის მენეჯმენტი და მოტივაცია ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლეს. ერთქულიანი კითხვები საშინელება იყო, ტვინის საჭყლეტი. ჯიქსოუს მეთოდი იყო, რომელიც კარგად ვერ დავწერე, აღარ მახსოვდა, სკინერის მეთოდიც იყო, კიდევ ვიღაცის მეთოდი... მაგრამ საერთოდ არ მქონდა ის გაგებული. სიმართლე გითხრათ, 30 წელია სკოლაში ვასწავლი და ეს პიროვნება არ მსმენია. ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, ვერ ვიტყვი, რომ წელს უფრო გაართულეს. მიმაჩნია, რომ ტესტი აუცილებელია და პედაგოგებს სჭირდებათ ეს ცოდნა, მიდგომები და მეთოდები მოსწავლეებთან“,- გვითხრა პედაგოგმა, რომელიც სკოლაში უკვე 30 წელია ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავლის.

„65 წლის ვარ და დიდხანს სკოლაში გაჩერებას ნამდვილად აღარ ვაპირებ; გამოცდაზეც მხოლოდ იმის გულისთვის გავედი, არ მინდა, ვინმემ თქვას, თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს ფეხს ვერ უწყობსო. პრაქტიკოს პედაგოგებს ისე უყურებენ, თითქოს მთელი ცხოვრება არაფერი გაუკეთებიათ და არაფერი უსწავლებიათ მოსწავლეებისთვის. ასე არ არის  და სწორედ ამის დასამტკიცებლად გავედი გამოცდაზე, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და მერე სხვებისთვის“,- განაცხადა პედაგოგმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203