„რეკომენდაციების განუხრელად შესრულებამ გამოწვევასთან წარმატებით გამკლავების საშუალება მოგვცა“-ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე
16-07-2021
რას ურჩევს მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად არის გაზრდილი მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში? ამ და სხვა საინტერესო თუ მნიშვნელოვან თემებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი, გიორგი გაგნიძე გვესაუბრა.
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- სასწავლო წელი ორმაგად რთული იყო კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე. განსაკუთრებული გამოწვევა იყო სასწავლო პროცესის სასკოლო გარემოში შენარჩუნება. მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მითითებების და რეკომენდაციების განუხრელად შესრულებამ ამ გამოწვევასთან წარმატებით გამკლავების საშუალება მოგვცა.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში? - მშობელთა ჩართულობა სასწავლო - სააღმზრდელო პროცესში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა მშობელთა პასუხისმგებლობა და ინტერესი შვილების ჯანმრთელობის კუთხით.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- მე დარწმუნებული ვარ გამოცდაზე გამსვლელი ყველა ჩემი კოლეგა ფლობს საკმარის საგნობრივ და პროფესიულ უნარებს, რათა დაძლიონ საგამოცდო ბარიერი. მხოლოდ კონცენტრაცია და სიმშვიდეა ამისათვის საჭირო. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების არსებული ფორმა, ხშირ შემთხვევაში, არ იძლევა მიახლოებით წარმოდგენასაც კი მასწავლებლის, როგორც ასეთის, შესახებ. პიროვნებამ შეიძლება ბრწყინვალედ იცოდეს საგანი, იცნობდეს ყველა მეთოდს, მაგრამ როგორ მიაქვს ეს ცოდნა მოსწავლეებამდე ეს არის საკითხავი. რამდენად უყვარს ბავშვები და რამდენად უყვართ ბავშვებს? ამას გამოცდა ვერ გასცემს პასუხს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
- ახალციხეში ფუნქციონირებს შესანიშნავი პროფესიული სასწავლებელი და ბავშვებშიც იმ პროფესიებისადმი გაჩნდა ინტერესი, რომელთა დაუფლებაც ამ სასწავლებელშია შესაძლებელი.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- ვფიქრობ, თუ ბავშვს სასკოლო ასაკი უსრულდება სექტემბრის თვეში, ის უნდა მივიღოთ სკოლაში.