რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემაზე თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია მღვდელაძე გვესაუბრება.
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?
- რთული, ახალი გამოწვევებით სავსე, თუმცა დინამიური, საინტერესო, მრავალფეროვანი. კორონავირუსმა სკოლის „დღის წესრიგი“ საგრძნობლად შეცვალა. ბევრი დაგვაკარგინა და ბევრიც გვაპოვნინა, „დავარცხნილი“ საგაკვეთილო ცხრილი, გაწერილი და დალაგებული გეგმები „თავდაყირა“ დადგა, თუმცა ვისწავლეთ სწრაფი რეაგირება ცხრილის გადაწყობის, გაკვეთილებისა და პროექტების ონლაინ სივრცეში განხორციელების, ვისწავლეთ მრავალფეროვანი ელ.რესურსების შექმნა, დისტანციური მუშაობა, მოსწავლე-მასწავლებელ-მშობლიანად გავხდით ციფრული მოქალაქეები. სირთულეები იყო, თუმცა ერთიანობით პირბადით, თერმომეტრით, ანტისეპტიკური ხსნარითა და სოციალური დისტანციის დაცვით შევძელით წარმატებით დაგვესრულებინა სასწავლო წელი მაჟორული აკორდით.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცის უმთავრეს გამომწვევად რჩება, თუმცა დისტანციური სწავლების პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა მშობელთა აქტიური ჩართვა თავიანთი შვილების სწავლა-აღზრდის პროცესში და ასევე გაუმჯობესდა მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტური კომუნიკაცია. მშობელთა აქტიურობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსწავლის აკადემიური მოსწრება, გაუმჯობესდა დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლის ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი კვლავ დასახვეწია, რადგან მშობელთა ნაწილი ვერ ან არ აცნობიერებს, თუ როგორი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლების ჩართულობას მოსწავლეთა წარმატებისთვის. სარგებელი ხომ სამივე მხარისთვის თანაბრად ხელსაყრელია? მშობელთა ჩართულობის გაზრდა საგანმანათლებლო პროცესში დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე-მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და მშობლებზე .
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?
- მოტივაცია, ნებისყოფა და ცოდნა აუცილებელი პირობაა გამოცდების წარმატებით დაძლევისთვის. რაც შეეხება მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდას- ფორმა შეიძლება აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს, თუმცა მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა რაღაც ფორმით და დროის გარკვეული პერიოდულობით უნდა დაადასტუროს საკუთარი პროფესიონალიზმი, მაგალითი მისცეს მოსწავლეებს უწყვეტი განათლებისა. თანამედროვე სამყაროში სწრაფად იცვლება ცხოვრება, მასთან ერთად განათლების სისტემაში მუდმივად ცვალებადი მოთხოვნებია- ყოველდღიურად იზრდება საზოგადოების მოთხოვნები მასწავლებელთა მიმართ, ამიტომ საჭიროა მათ მოახდინონ ადაპტაცია ახალი მოთხოვნების შესაბამისად..იმისათვის, რომ მასწავლებელი განვითარდეს და გაიზარდოს, მას სჭირდება დრო და კარიერული ზრდის მრავალფეროვანი გზები. ცოდნის და უნარების განახლება შეუძლებელია მუდმივი პროფესიული განვითარების გარეშე.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
- ახალგაზრდები ძირითადად „მოთხოვნად“ პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ინტერესის სფეროს ირჩევენ, ან იმ პროფესიას ირჩევს, რომელიც მისი მშობლებისთვის არის მისაღები. თანამედროვე ყოფამ, რა თქმა უნდა, შეცვლა ახალგაზრდების არჩევანი და ისინი იმ პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთა დაუფლების შემდეგ დასაქმების ყველაზე მეტი შანსი ექნებათ. უმრავლესობა ამ პროფესიებს ირჩევს: ბარმენი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ავტოსაქმე, ბუღალტერი, მზარეული, დიზაინერი, გიდი, გამყიდველ-კონსულტანტი. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი კი უპირატესობას ანიჭებს: ექიმობას, იურისტობას, აუდიტორობას, ეკონომისტობას, ჟურნალისტობას, მასწავლებლობას.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- ვფიქრობ, უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის სკოლისთვის მზაობა, შეფასდეს მისი კოგნიტური, სოციალური უნარები, ემოციური ფუნქციები, შესაძლებლობები და სხვ. ამის შემდეგ სკოლაში შესვლის დადგენილი ასაკიდან მცირე დროით გადაცილებაც დასაშვებია და პირიქით-ნაადრევი დაშვებაც. ყველაფერი ხომ ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ, ამიტომ რამდენიმე დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა გვქონდეს სასკოლო მზაობის შეფასების მოქნილი და ობიექტური სისტემა.