„სექტემბერს ისინი ვეღარ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას“ - პრაქტიკოსების ნაწილი გამოცდაზე არ გამოცხადდა
17-07-2021

მასწავლებლების გამოცდები გრძელდება, თუმცა პრაქტიკოსების ნაწილი, რეგისტრაციის მიუხედავად ტესტირებაზე არ გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით - 14 ივლისს პროფესიული უნარების ტესტირებაზე გამოცხადდა 69%-ზე მეტი აპლიკანტი; დაიგვიანა ოთხმა; 15 ივლისს გამოცხადდა - 72%-მდე მასწავლებელი, 16 ივლისს კი 69%-მდე  და დაიგვიანა ერთმა.

2021 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირებაზე, ჯამში, 28 700-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, საიდანაც 8 719 პრაქტიკოსი სტატუსის მქონე პედაგოგია. სულ რამდენი მასწავლებელი არ გამოცხადდა გამოცდაზე, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ, ვინც ტესტირებაზე არ მივიდა, სკოლის დატოვება მოუწევთ და ვაკანსიები მალევე უნდა გამოცხადდეს.

ამ საკითხს etaloni.ge-სთან თავის დროზე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და პროფკავშირების პრეზიდენტი, მაია კობახიძეც შეეხნენ.

ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა, რომ „პრაქტიკოსებს მიეცათ შანსი, კიდევ ერთხელ, ჩააბარონ გამოცდა ზაფხულში. 2021 წლის სექტემბერს ისინი ვეღარ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას თუ გამოცდის საშუალებით ვერ აიმაღლებენ სტატუსს. ეს იქნება მათთვის მიცემული ბოლო შანსი, თუმცა ერთი წლის შემდგომ მათ შეუძლიათ ისევ მოვიდნენ და ისევ ჩააბარონ გამოცდა და დაბრუნდნენ პროფესიაში“.

ხოლო მაია კობახიძემ etaloni.ge-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა, რომ ეს პრაქტიკოსებისთვის ბოლო შანსია:„ვწუხვარ, ისეთი განმარტება უნდა გავაკეთო ყველა ჩემი კოლეგის წინაშე, ვინც ამ საფრთხის ქვეშ დგას - რამდენჯერმე შეიცვალა გამოცდების ვადები, რამდენჯერმე მოხდა შეღავათების დაწესება და ამისთვის მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს; 2014 წელს მასწავლებელს უნდა დაეტოვებინა პროფესია, თუ მას არ ჰქონდა ჩაბარებული 2 გამოცდა, მაგრამ სქემა შეიცვალა და განისაზღვრა ახალი ვადები, 2015 წლის სექტემბრიდან დაწესდა ახალი მოთხოვნები... მე-11 წელია მასწავლებლებმა იციან - უნდა ჩააბარონ ორი გამოცდა და ახლა მითხარით - როგორ გამოვიდე ინიციატივით, თუ ვერ ჩააბარებენ კიდევ გავუგრძელოთ ვადები! - პრაქტიკულად, აღარ დამრჩა არგუმენტი, რის საფუძველზეც შემიძლია ეს მოთხოვნა დავაყენო“.
 
იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203