„პედაგოგებმა პირველებმა მოახერხეს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება“- თამარ მელიქიძე, თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემებზე თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ მელიქიძე გვესაუბრა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
 
- 2020-2021 სასწავლო წელი იყო სიახლეებით დატვირთული საინტერესო წელი. პედაგოგებმა შეუძლებელი შეძლეს და ყველაზე პირველებმა მოახერხეს მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება. პირადად ჩემი სკოლის მაგალითზე ეს ყველაფერი დავძლიეთ სიახლეების მოძიებით და ურთიერთდახმარებით. თითქმის ყოველდღიურად ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, ვმსჯელობდით და ვეძებდით გზებს, რომ ყოველი დღე მომდევნოზე საინტერესო ყოფილიყო ჩვენი მოსწავლეებისთვის.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, რადგან მშობლების გარკვეული ნაწილი თავადაც ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს და ხედავდნენ მასწავლებლების თავდაუზოგავ შრომას.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- ვთვლი, ყველა პედაგოგს აქვს უნარი და ცოდნა, რომ თავად შეძლოს ამ გამოცდების ჩაბარება და თუ ვინმე ამას ვერ ახერხებს, ბოდიში, მაგრამ ურჩევნიათ სხვა სფერო მოძებნონ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
 
- დღევანდელი ახალგაზრდობა რეალურად უყურებს ცხოვრებას და ცდილობენ აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც მეტ შემოსავალს მოუტანს.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა ძალიან ადრეა, ერთეულებით მსჯელობა არ შეიძლება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203