დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს. ამასთან, იქნება რიგი გამკაცრებები. განკარგულებაში შევა ცვლილებები პირბადის გამოყენებაზე იქ, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება.
მისივე თქმით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის ერთ-ერთი საფუძველია.
„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს, რეგულაციების გამკაცრებაზე, რადგან მოქალაქეები ნიღაბს დახურულ სივრცეებშიც კი აღარ ატარებენ.
„საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა იქნება რიგი გამკაცრებები. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცებეშიც აღარ ხდბა. დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეში დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეკომენდაცია. იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდციას, ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება ადამიანების გარკვეული რაოდენობა, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება.
დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს, ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის გამოყენებასთან მიმართებაში, იქ, სადაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების შეიკრიბებიან. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს, მალე შემუშავდება რეკომენდაციები“, – გაანცხადა ამირან გამყრელიძემ.