„ეტალონი“ მონაწილეებს თავიანთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და გაუმჯობესებაში ეხმარება, - ამბროლაურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
26-07-2021

„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი წელს ონლაინ რეჟიმში ტარდება, თუმცა ამას მოსწავლეების მოტივაციასა და განწყობაზე არ უმოქმედია. ამჯერად ჩემპიონატმა ამბროლაურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.

ამბროლაურის „ეტალონი მოსწავლე“ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელი ოთარ დონაძე გახდა. მან გამარჯვება 97 ქულით მოიპოვა.

„აქამდე ორჯერ მივიღე მონაწილეობა „ეტალონში“, ორივეჯერ ათეულში მოვხვდი, წელს კი გავიმარჯვე“, - ამბობს ამბროლაურის „ეტალონი მოსწავლე ოთარ დონაძე.  გამარჯვებით გახარებულია, გვეუბნება, რომ ტესტირების პროცესში მეტად თავდაჯერებული გახდა და გამარჯვებასაც მოელოდა. ახლა ფინალისთვის ემზადება: „ფინალისთვის ვემზადები და მინდა, რომ ფინალშიც ასეთივე წარმატებული ვიყო“. რაც შეეხება ჩემპიონატის ჩატარების ონლაინ ფორმატს, ოთარი ამბობს, რომ ინტერნეტიც და პროგრამაც გამართულად მუშაობდა.

ამბროლაურის „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე ულოცავს:

„ვიცი, რომ ძალიან მაღალი ქულით გაიმარჯვა ოთარ დონაძემ. მინდა მივულოცო გამარჯვება და მომავალში წარმატებები ვუსურვო“.

მუნიციპალიტეტის მერმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მრავალი წელია, რაც „ეტალონთან“ თანამშრომლობენ. აღნიშნული პროექტი კი მნიშვნელოვანია ბავშვების ზოგადი განვითარებისთვის და ფიქრობს, რომ ის მონაწილეთა ცხოვრებაში თავის კვალს აუცილებლად დატოვებს.

ინტელექტ-ჩეპიონატის შედეგით კმაყოფილია ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი იამზე ლობჯანიძე:

„ამ კონკურსის ძალიან მადლიერი ვარ, მოსწავლეებისგან საკმაოდ დიდ ცოდნას მოითხოვს, მთელი წლის განმავლობაში ბავშვები მობილიზებულები არიან. დისტანციურ რეჟიმში უფრო მეტი საჭიროება იყო, რომ ბავშვები დამატებითი აქტივობებით ყოფილიყვნენ დაკავებული.“

რაც შეეხება მოლოდინებს, დირექტორის თქმით, ამ შედეგს ელოდა, რადგან ოთარ დონაძეც და დანარჩენი მოსწავლეებიც, რომელებიც ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, საკმაოდ ერუდირებულები და მაღალი აკადემიური მოსწრების არიან.

„გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებს, ოთარი ღირსეული კანდიდატია და ამას მარტო მე  კი არა, ვფიქრობ, სხვა სკოლის წარმომადგენლებიც დაადასტურებენ. ველოდებით ფინალს, გამარჯვების მოლოდინი და სურვილი გვაქვს“.

ჩატარებულ ინტელექტ-ჩემპიონატს აფასებს ამბროლაურის რესურსცენტრის უფროსი კახაბერ რეხვიაშვილი:

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროც კი იყო ჩემპიონატი ონლაინ რეჟიმში ჩატარებულიყო. მინდა მივულოცო ოთარ დონაძეს, რომელმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. კონკურსი ეხმარება მონაწილეებს თავიანთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და გაუმჯობესებაში. იგი მშვენიერი საშუალებაა, რომ მოსწავლეებმა თავიანთი გონებრივი პოტენციალი გამოავლინონ“.

კახაბერ რეხვიაშვილის თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალია „ეტალონით“ დაინტერესება და მასში ჩართულობა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ნანა ბოჭორიშვილიც აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში „ეტალონით“ ბევრი სკოლა და მოსწავლე ინტერესდება:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ონლაინ ტარდებოდა და სასწავლო პროცესიც დასრულებული იყო, ჩვენი მოსწავლეების ჩართულობა საკმაოდ მაღლია, ინტერესი დიდია და ეს მონაწილეთა რაოდენობასა და შედეგებზეც აისახა. „ეტალონში“ ჩართვით მოსწავლეთა მოტივაცია მაღლდება, ისინი უფრო თავდაჯერებული ხდებიან  და თავიანთ ცოდნას ავლენენ“.

ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი 28 ივლისს გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203