როგორ უნდა მოიქცეთ თუ სკოლაში დასაქმება გსურთ, მაგრამ სერტიფიცირებული არ ხართ? - მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად რამდენიმე გზა არსებობს.
თუ პროფესიით პედაგოგი ბრძანდებით და დიპლომშიც მასწავლებელი გიწერიათ, თქვენთვის სკოლაში დასასაქმებლად ყველაზე მოკლე გზა იმ საგნის გამოცდის ჩაბარებაა, რომლის სწავლებაც გსურთ. თუ განსხვავებული პროფესია გაქვთ და გვიან აღმოაჩინეთ, რომ მასწავლებლობა თქვენი მოწოდებაა, არც ესაა ხელისშემშლელი ფაქტორი, თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ მასწავლებლის გამოცდა შემდეგ კი უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე ისწავლოთ ერთი წელი, რომლის დასრულების შემდეგაც სკოლაში დასაქმებისთანავე მოგენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ არც მასწავლებლის გამოცდა გაქვთ ჩაბარებული და არც პროფესიით პედაგოგი ხართ, მაგრამ სკოლაში დასაქმება გსურთ?
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ბედი მაინც სცადოთ და ვებ-გვერდზე http://teacherjobs.ge დარეგისტრირდეთ. აღნიშნულ საიტზე პედაგოგებისთვის განკუთვნილი ვაკანსიები იდება, თუ სკოლა ვერ შეარჩევს კომპეტენტურ, სერტიფიცირებულ პედაგოგს, დირექტორს უფლება აქვს, დაასაქმოს მასწავლებლობის მსურველი, რომელიც სკოლაში დასაქმების შემდეგ მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება. ასეთ პირს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი და მაძიებლობის კურსის გავლის პარალელურად, ორი წლის ვადაში უნდა ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებიდან ორი წლის შემდეგ ხელშეკრულება გაუუქმდება.
მასწავლებელად დასაქმების მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ბაკალავრის დიპლომი.
ასევე იხილეთ: მასწავლებლის მომზადების 1-წლიანი პროგრამა თუ მაძიებლობის კურსი? - დადებითი მხარეები და სირთულეები
როდის დაიწყება მიღება მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე? - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები