„5 წელი ველოდებოდი ამ გამოცდას და როგორც იქნა გვეღირსა“ - როგორ აფასებენ ტესტებს გამოცდიდან გამოსული სპეცმასწავლებლები
28-07-2021

წელს პირველად ჩატარდა სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდა, რომელზეც 2 800-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, მათაც მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება და  სტატუსის ამაღლების უფლება. როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, იმდენად დიდი ხანია ამ ტესტებს ელოდებიან, რომ  ბედნიერებიც კი არიან ამ გამოცდით. რაც შეეხება უშუალოდ ტესტის სირთულეს, აღნისნავენ, რომ ყველაფერი პროგრამული იყო და საშუალო სირთულის.

„5 წელი ველოდებოდი ამ გამოცდას და როგორც იქნა სპეცმასწავლებლებსაც გვეღირსა... უშუალოდ ტესტს რაც შეეხება, ყველაფერი პროგრამული და საშუალო სიძლიერის იყოს - არც მარტივი, არც რთული.

ვფიქრობ, ეს გამოცდები საჭირო და აუცილებელია კარიერული წინსვლისთვის, თუ, რა თქმა უნდა, სხვა გზით არ მოგვანიჭებენ სტატუსს.

ის, რომ მხოლოდ ორი წელი გვაქვს სტატუსის ასამაღლებლად, ეს  უკვე დისკრიმინაციაა. აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ რამდენად საკმარისია დრო - რეალურად მართლა საკმარისია, უბრალოდ, ცუდია სხვა გადმოსახედიდან, თუ მეც პრაქტიკოსი ვარ და სხვა საგნის მასწავლებელიც, მაში თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები უნდა გვქონდეს.“

„საგამოცდო ტესტი რთული არ ყოფილა, უბრალოდ ღია კითხვები უფრო მარტივი იყო, ვიდრე დახურული. დახურულმა კითხვებმა ცოტა დამაბნია. მე არ ვმუშაობ სკოლაში და უფრო ისეთი საკითხები იყო, რაზეც პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა გეპასუხა, შესაბამისად, ის ვინ სკოლაში სპეცმასწავლებელია მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა ტესტი.

გამოცდა აუცილებელია, სკოლის მიღმა, ინკლუზიის მიმართულებით ვმუშაობ მეც და ვიცი, რა რაოდენობაა სსსმ მოსწავლეების და თუ, როგორ სჭირდებათ მათ სპეცმასწავლებელის დახმარება. მეორე მხრივ, თავად მასწავლებლებსაც სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება. ვფიქრობ, ეს გამოცდა საკმარისიც კი არ არის სპეცმასწავლებლისთვის, რადგან მხოლოდ თეორიული ცოდნა არასოდეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პრაქტიკაში მას უშეცდომოდ გამოიყენებ. პრაქტიკული  ნაწილის მხრივაც, თუ იქნება ტრენინგები უფრო კარგ შედეგზე გავალთ და მეტად იქნება ეს ყველაფერი ბავშვებზე ორიენტირებული, რაც ამ ეტაპზე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.

მართალია, მხოლოდ, 2 მცდელობა გვაქვს გამოცდის ჩასაბარებლად, მაგრამ ამ ტესტებს, რომ ვაკვირდები არ არის დაუძლეველი. მომავალ წელსაც თუ ტესტი იგივე სირთულის დარჩება და კიდევ ვერ ჩააბარებენ, ალბათ ასეთი მასწავლებლები არც უნდა იყვნენ სკოლაში და მით უმეტეს, სსსმ მოსწავლეებთან არ უნდა მუშაობდნენ.“

„პირველად ჩატარდა ეს გამოცდა და ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ რთული არ ყოფილა. თავად დაწყებითების პედაგოგი ვარ, მაგრამ ინკლუზია მაინტერესებს და ამ მიმართულებით ვფიქრობ მუშაობის გაგრძელებას - მინდა ვასწავლო და დავიცვა სპეციალური საჭიროების მქონდე ბავშვები.

მთელი ცხოვრება სწავლაა. პედაგოგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე სწავლობს და ავითარებს საკუთარ უნარებს.  ამ გამოცდისთვის ორი ცდა არც ცოტაა და არც ბევრი - საკმარისია და  ნამდვილად უნდა მოახერხოს მასწავლებელმა ამ ტესტის ჩაბარება“.

„აზერბაიჯანელი  ვარ და ჩემთვის მთავარი სირთულე ის იყო, რომ ტესტი მხოლოდ, ქართულ ენაზე გვქონდა - არჩევანის შესაძლებლობა არ ყოფილა. ის, რომ ქართული არ ვიცი, ნამდვილად ჩემი პრობლემაა, მაგრამ აზერბაიჯანულ სკოლაში ვასწავლი და ამიტომ, კარგი იქნებოდა ენის ბარიერი არ ყოფილიყო - ბევრი რამ ვერ გავიგე.“

„არ ვარ მოქმედი სპეცმასწავლებელი და ჩემთვის ცოტა რთული იყო ტესტი, მაგრამ ვინც უშუალოდ სკოლაში და ამ ბავშვებთან მუშაობს, მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა.“

„გამოცდით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ინდივიდუალურია. რაც მთავარია, ყველაფერი პროგრამული იყო, იმ მასალის გათვალისწინებთ, რაც საგამოცდო ცენტრმა მოგვაწოდა: ინკლუზიური განათლება, სხვადასხვა ტიპის დარღვევები და ასე შემდეგ.

იმდენი ხანი ველოდი ამ გამოცდას, რომ ბედნიერი დღეა ჩემთვის.“

სპეცმასწავლებლისთვის განკუთვნილი ტესტი 54 ქულიანია და აპლიკანტმა 60% (33 ქულა) უნდა აიღოს, რომ ბარიერი გადალახოს. ასევე, სხვა საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ ორი მცდელობა აქვთ სტატუსის ასამაღლებად. 

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში 2020 წელს შესული ცვლილებით, პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2023 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203