ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.
„ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის კონკურსის პირველი სამეული ასეთია:
პირველი ადგილი დაიკავა ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ წირქვაძემ. მან 61 ქულა დააგროვა და ამისთვის 6 წუთი და 35 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 60 ქულით ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლე თათია გიორგობიანმა მოიპოვა. მან ეს ქულა 4 წუთსა და 36 წამში დააგროვა. 58 ქულა 5 წუთსა და 33 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით დუგლაძე.
საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ალექსანდრე თევზაძის გადაწყვეტილებით, 500 ლარიანი ჯილდოები. 500 ლარიანი ჯილდო ასევე გადაეცა მესტიის ეტალონ მოსწავლეს საბა ავალიანს იფარის საჯარო სკოლიდან, რომელმაც დისტანციურ კონკურსში მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური სიტუაციის გამო ვერ მიიღო.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. არსებული სიტუაციისა და კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2021 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი კვლავ დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა.
ასევე იხილეთ:
ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება