განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ გაიზრდება ბაღის აღმზრდელების ხელფასები, დაგეგმილია სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ანაზღაურების ზრდაც, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია როდიდან, ან რამდენით გაიზრდება ხელფასი. საზოგადოებისთვის უცნობია, რა ცვლილებების შეტანას აპირებს უწყება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაშიც. ის რაც კონკრეტულად გავიგეთ, სკოლების ავტორიზაციას უკავშირდება, რომ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლას ექნება გავლილი ავტორიზაცია. თუმცა, აქვე შეგახსენებთ რომ ავტორიზაციის პროცესის დაწყება არაერთხელ გადადო და წლებია უწყება თავს არიდებს ამ მტკივნეული პროცესის დაწყებას. ასევე გავიგეთ, რომ 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
„სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად იქნებიან ჩართული.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სასკოლო კულტურისა და გარემოს განვითარებას.
სამინისტრო აქტიურად მუშაობს სკოლის მართვის ახალი მოდელის შემუშავებასა და რესურსცენტრების გაძლიერებაზე სკოლების მხარდაჭერის პროცესში. მუშავდება სკოლის მართვის ახალი მოდელი. კერძოდ, მუშავდება სკოლების დიფერენცირებული მართვის მოდელი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.
2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება.
მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.