თუ იგეგმება პედაგოგებში და განათლების სექტორში ჩართული ადამიანების წახალისება რომ უფრო მეტად ჩაერთნენ ვაქცინაციის პროცესში? – ჟურნალისტის კითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის ხელი შეუწყოს პედაგოგების და სკოლის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ისიც რომ მოეწყობა სივრცეები სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე პირდაპირ შეძლებენ.
„ჯანდაცვის სისტემის მხრიდან არის სრული მზაობა, რომ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები აიცრან და ჩვენ მათ ხელი შევუწყოთ რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეები შევთავაზოთ, რომ მათ ჰქონდეთ გარანტირებულად აცრის მიღების შესაძლებლობა.
მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათივე გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მიმდინარე პერიოდში გვაქვს აქტიური კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან, იმისთვის რომ სექტორის შიგნით მოხდეს უკვე აქტიური საინფორმაციო კამპანია და მასწავლებლების და სკოლის პერსონალისა და საგანმანათლებლო სექტორის მოწვევა.
ძალიან ბევრი უკვე ჩაერთო და იცრება. ვფიქრობ საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის გაკეთება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოიყოს ცალკე კუთხე პედაგოგიური პერსონალისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჰქონდეთ ვაქცინაზე მოსვლის საშუალება რეგისტრაციის გარეშე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.