„თუ შეიძლება მითხარით, რომელ გზას უნდა დავადგე?“ - მანანა რატიანი განათლების 10 წლიან გეგმის შესახებ
განათლების სპეციალისტი, მანანა რატიანი განათლებისა და მეცნიერების 10 წლიან სამოქმედო გეგმას სოციალურ ქსელში ეხმაურება - „10 წლიანი გეგმა 3 წლისთვისაც არაამბიციურია... როცა 21-ე საუკუნის გლობალურ გამოწვევებს ვერ აღიქვამ და ვერც პასუხობ, როცა გეგმავ მხოლოდ იმას, რასაც ისედაც აკეთებდი“.მანანა რატიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„განათლების 10 წლიანი გეგმის წარდგენით ინსპირირებული:
- თუ შეიძლება მითხარით, რომელ გზას უნდა დავადგე?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გინდა მოხვდე!
- თუ შენთვის სულ ერთია საით წახვიდე, ყოველთვის აღმოჩნდები იქ სადაც არ გინდა“
როცა 10 წლიანი გეგმა 3 წლისთვისაც არაამბიციურია, როცა იგნორირებას უკეთებ მთავარ გამოწვევებს, როცა ახალი კადრების მოზიდვაზე სისტემაში და კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე არაფერს ამბობ, როცა 2 წლის კოვიდის პირობებში მიღებულ დანაკარგს თვალს არ უსწორებ, როცა დირექტორები კვლავ მოვალეობის შემსრულებლები არიან, როცა ავტონომიურობის გაზრდა და დეცენტრალიზაცია მხოლოდ სტრატეგიებში ჩაწერილი შეუსრულებელი მისიაა, როცა მიღებულ გამოცდილებას უგულებელყოფ, როცა 21-ე საუკუნის გლობალურ გამოწვევებს ვერ აღიქვამ და ვერც პასუხობ, როცა გეგმავ მხოლოდ იმას, რასაც ისედაც აკეთებდი ჩნდება კითხვა - დანინგ-კრუგერის ეფექტის საწყისი სტადიის თავდაჯერებულობასთან გვაქვს საქმე თუ კეროლის ალისას გზააბნეულობასთან?“
იხილეთ: გავიგეთ რამე ახალი განათლების მინისტრის პრეზენტაციიდან ზოგად განათლებაში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ?!