განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა პედაგოგთა ვაქცინაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა განათლების სამინისტრო თავის მხრივ ეხმარება იმ პირებს რეგისტრაციაში, რომელთაც ვაქცინაცია სურთ.
„ვუახლოვდებით სასწავლო წლის დაწყებას და რა საკვირველია, ამ საკითხზე ინტერესი იზრდება მოსახლეობის მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის მოწოდება, თუმცა ეს ნებაყოფლობითი პროცესია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ. ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არაერთი წერილი გაიგზავნა, როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე გვაქვს სხვადასხვა შეხვედრა და ვუერთდებით კამპანიას „უსაფრთხო გარემო“.
ვინც ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, არის სიები შედგენილი და ჩვენ ვეხმარებით, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ვაქცინაციის პროცესს.
ტემპი, რომელიც დღეს ქვეყანაშია და მასში ჩართული არიან როგორც პროფესიული მასწავლებლები, მასწავლებლები და სტუდენტები, იმედს გვაძლევს, რომ სასწავლო წელი დაიწყოს უსაფრთხო გარემოში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მანვე განმარტა, რომ არ გამორიცხავს სასწავლო წლის დისტანციურად დაწყებას და ეს დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„არ გამოვრიცხავთ დისტანციურ სწავლებას დამოკიდებული ვართ ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე, ამისთვის მზად ვართ და იცით, რომ ყველანაირი რესურსი მომზადებულია ზოგადი განათლების საფეხურზე“, - განაცხადა მიცკევიჩმა, თუმცა აღნიშნა, რომ ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით სამინისტროს მხრიდან არის სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, მიუხედავად ამისა ინტერნეტის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ბევრი გამოწვევა რჩება.
„საკლასო ოთახში და აუდიტორიებში სასწავლო პროცესს ვერასოდეს ჩაანაცვლებს დისტანციური სწავლება და იმ შედეგებს, რომელი ასე მიიღწევა, თუმცა ჩვენთვის თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა ასევე პედაგოგების და პროფესიული მასწავლებლებისა, უპირველესია და ჩვენ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა 10 წლიან სამოქმედო გეგმაში პედაგოგების ხელფასების ზრდა და თუ იგეგმება როდის და რამდენი, ნუნუ მიცკევიჩმა უპასუხა, რომ განათლების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა სიტუაციაა და კითხვაზე კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა. თუმცა აღნიშნა, რომ ათწლიანი გეგმის თანახმად მეცნიერ თანამშრომელთა ხელფასების მატებაა დაგეგმილი.
„სხვდასხვა საფეხურზე სხვადასხვა სურათი გვაქვს, ეს არის ჯერადად მომატება, რაც შეეხება უმაღლესი განათლების პროფესორ მასწავლებლების ხელფასების მომატებას აქ გახლავთ სხვა გამოწვა რადგან უნივერსიტეტები ავტონომიურები არიან და ისინი თვითონ მათი კონსტიტუციური უფლებაა ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა.
რაც შეეხება მეცნიერ თანამშრომელთა ხელფასების მატებას, დღეს აღინიშნა, რომ უკვე დაიწყება მეცნიერ თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.