მანდატურები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ - „ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების დაცვა არის საუკეთესო საშუალება პანდემიის შესაჩერებლად“
თბილისის საჯარო სკოლების მანდატურებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კაბინეტი მოეწყო, რომელიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებითაა აღჭურვილი. ვაქცინაციის პროცესისა და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობას კლინიკის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.
მანდატურები Covid-19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
ვაქცინაციის პროცესს ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი დაესწრო. გელა გელაძის თქმით, მანდატურების ჩართულობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ.
„ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების დაცვა არის დღეს საუკეთესო საშუალება პანდემიის შესაჩერებლად, ჩვენი სამსახური მანდატურებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, თბილისსა და რეგიონებში, სისტემატურად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის ორგანიზებას, რათა ყველამ ერთად მაქსიმალურად შევიტანოთ ჩვენი წვლილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.