ყოველწლიურად მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე, მოქმედ პედაგოგებთან ერთად, მასწავლებლობის მსურველებიც გადიან. მათი რაოდენობა არცთუ მცირეა. მასწავლებლის პროფესია ბოლო პერიოდში ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი და საინტერესო გახდა, დაინტერესებულების ნაწილი გამოცდასაც წარმატებით აბარებს, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი სკოლაში ვერ საქმდებიან და პარალელურად, ჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს.
მაგალითად, საინტერესოა, უნარჩუნდება თუ არა მასწავლებლობის მსურველს გამოცდაზე მიღებული ქულა, თუ სკოლაში ვერ დასაქმდება?
მასწავლებლობის მსურველს გამოცდაზე მიღებული ქულა ენახება. სკოლაში დასაქმების შემდეგ კი უფლება ეძლევა, მოიპოვოს სტატუსი და აიმაღლოს კვალიფიკაცია.
აქვე განვმარტავთ, რომ მასწავლებლობის მსურველებისთვის, რომლებსაც დიპლომში მასწავლებელი არ უწერიათ, პროფესიაში შესასვლელად მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება არ კმარა. მათ სკოლაში სტატუსით შესასვლელად უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე უნდა ისწავლონ. პროგრამა ერთწლიანია, ჩარიცხვა კი კონკურსის წესით ხდება. უნივერსიტეტები აღნიშნულ პროგრამაზე მიღებას მას შემდეგ აცხადებენ, რაც მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გახდება ცნობილი.
თუ მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებთ, მაგრამ 60 კრედიტიან პროგრამაზე იმავე წელს ვერ ჩაირიცხებით, გამოცდის ქულა შეგენახებათ და ამ ქულით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ კონკურსში შეძლებთ მონაწილეობას.
მასწავლებლობის მსურველისთვის გამოცდა რომ ჩაბარებულად ჩაითვალოს, მან გამოცდის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი წარმატებით უნდა დაძლიოს.