მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. რის გამოც, რამდენიმე სოფელი მოწყდა გარესამყაროს და გადაადგილებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. აღნიშნულის გამო, „მესტიის ეტალონი მოსწავლე“, საბა ავალიანი ფინალში ვერ ჩაერთო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ, რომელიც „ეტალონის“ ფინალურ კონკურსში ონლაინ იყო ჩართული, კონკურსის გამარჯვებული სამეული დააჯილდოვა და როცა წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საბას ამბავი გაახმოვანა, ფულადი ჯილდო რექტორმა მისთვისაც დააწესა:
„ერთ-ერთმა მონაწილემ მესტიიდან, ვერ შეძლო ჩართვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, წახალისების მიზნით, ისიც დავასაჩუქრეთ. გამარჯვებულ სამეულს 500-500 ლარს გადავცემთ. მიმაჩნია, რომ ამ ოთხმა ახალგაზრდამ დამსახურებული ჯილდო მიიღო. ვფიქრობ, ეს მათ მოტივაციის ამაღლებაში შეუწყობს ხელს და უფრო მეტად გაუღვივდებათ ინტერესი სწავლის მიმართულებით“.
ნათია იოსელიანი, საბა ავალიანის დედა:
„საბამ ვერ შეძლო სტიქიის გამო ფინალში ჩართვა. მეწყერი ჩამოწვა ჩვენს სოფელთან და წაიღო გზები, გაითიშა შუქი, ბუნებრივია ინტერნეტთანაც არ გვქონდა წვდომა. შეუძლებელი იყო გადაადგილება მესტიის მიმართულებით, რომ საბა რესურსცენტრში ჩასულიყო და ჩემპიონატში ჩართვა მოეხერხებინა. ძალიან უნდოდა მონაწილეობის მიღება, თან დიდი ხანი ემზადებოდა ამ პროექტისთვის. განიცადა და გული დაწყდა, მაგრამ იმედი გვაქვს, კიდევ მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა.
რაც ყველაზე სასიხარულოა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ ჩაერთო, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ის მაინც დაასაჩუქრა 500 ლარით. დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრეს, ეს დიდი სიხარული და მოტივაციაა საბასთვის“.
ციცინო ფანგანი, იფარის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ძალიან განვიცადეთ, რომ საბამ ვერ შეძლო ფინალში ჩართვა, თან ეს მისი პირველი მცდელობა იყო. დამრიგებელთან ერთად ემზადებოდა ჩემპიონატისთვის, გარკვეული მოლოდინებიც ჰქონდათ, მაგრამ წელს ასე მოხდა. თუ მომავალი სასწავლო წლიდან საბა ისევ იქნება ჩვენი მოსწავლე, ალბათ კიდევ ცდის ბედს.
იქედან გამომდინარე, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ცენტრიდან შორსაა და უხვი ნალექის დროს გზებზე გადაადგილების პრობლემა იქმნება, ოჯახი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ფიქრობს. ამიტომ, საბა შეიძლება ჩვენი სკოლიდან გადავიდეს, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტი იქნება, თუმცა ჩვენ ყოველი მისი წარმატება გულწრფელად გაგვიხარდება.
სასიხარულოა ის, რომ საბა არ დარჩა პრიზის გარეშე და დიდი მადლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე თევზაძეს ამ გულისხმიერებისთვის.
დარეჯან ნიგურიანი, მესტიის რესურსცენტრის უფროსი:
„ეტალონი“ იმდენად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტია, რომ მთელი რაიონის სკოლები ვართ მასში ჩართული. ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ ამ პროექტს არაჩვეულებრივი პროგრამები აქვს, რომლებიც ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის გამო, ჩვენი მოსწავლე ვერ ჩაერთო ფინალში, ის საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა. საოცარი რამ მოხდა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯილდოდ 500 ლარი დაუწესა საბას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ფიქრობენ მოსწავლეებზე, მათ განათლებაზე და ქვეყნის მომავალზე. ძალიან მახარებს და მაბედნიერებს ეს ფაქტი.
საბა არაჩვეულებრივი ბავშვია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახდა „ეტალონი“ მოსწავლე, ესეც მის ნიჭზე მეტყველებს. ის ადიშში ცხოვრობს. მის სახლთან ახლოს სკოლა არაა, ამიტომ 9 კილომეტრის დაშორებით, იფარის საჯარო სკოლაში დადის განათლების მისაღებად. მოსწავლეებს ყოველდღიურად ემსახურებათ ტრანსპორტი, მაგრამ სტიქიის დროს გზებზე გადაადგილების პრობლემა იქმნება. საბას მამას დაჰყავდა ხოლმე ბავშვებს სკოლაში, მაგრამ, სამწუხაროდ, გასულ წელს მოულოდნელად გარდაიცვალა... მან საამაყო შვილი დაუტოვა სკოლას, სოფელს, ოჯახს და ქვეყანას“.