ზოგადი განათლების რეფორმა მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, ცვლილებები შეეხება მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემას, პროფესიული რეგულირების წესსა და დირექტორების სტანდარტს. ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გარკვეული განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი სქემა სრულად იქნება მორგებული მოსწავლეების ინტერესებზე:
შექმნილია ექსპერტთა საბჭო, ასევე განხილვაში მონაწილეობენ სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და ვცდილობთ, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ხარისხსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული.
არსებობს გარკვეული კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ძველი მოდელი არ იყო მოსწავლეზე ორიენტირებული, მასწავლებელი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავდა და ეს არ აისახებოდა მოსწავლის განათლების ხარისხზე. ახლა იარსებებს განსხვავებული მოდელი - სიტუაციური ანალიზი, საჭიროებები, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები - ამაზე იქნება დაფუძნებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“.