რამდენად მაღალია სწავლის დისტანციურად დაწყების რისკი - თამარ გაბუნიას განმარტება
05-08-2021

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სწავლის დისტანციურად დაწყების ალბათობასა და საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

რამდენად მაღალია ალბათობა, რომ სექტემბრიდან სწავლა დისტანციური ფორმატით დაიწყოს, თამარ გაბუნია აღნიშნავს:

„სექტემბრამდე ჯერ აგვისტოს სამი კვირა გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამი კვირის მანძილზე შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროსთან ერთად, [მასწავლებლების] აქტიური ვაქცინაცია და იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში. დღეს დილით დაიწყო და გამოიყო სპეციალური სივრცეები საგანმანათლებლო სექტორში ჩართული პირებისა და ასევე სხვა პირებისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, სადაც დღეს პირველი ჯგუფი აიცრა რეგისტრაციის გარეშე. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა რეგიონში, რათა საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის, შემდგომ, ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი. ამდენად დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, სავალდებულო გახდეს აცრა სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობისთვის? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს მიყვება.

„ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. დღეს განიხილება მხოლოდ პირის ნებაყოფლობითობის საფუძველზე.

რა თქმა უნდა, მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ყველას ესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ შესაძლოა მეტი საგანმანათლებლო მუშაობა იყოს საჭირო, ადამიანი ვაქცინაციის პროგრამაში ჩართოს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203