„სწავლის დაწყების ფორმასთან დაკავშირებით მოარული ხმები არსებობს“- დირექტორები სწავლის დაწყებაზე
10-08-2021

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასა და კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ჩნდება კითხვა, თუ როგორ სჯობს სწავლის განახლება. ამ კითხვით, Etaloni.ge-მ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართა და ისიც ვიკითხეთ, რას ფიქრობენ პედაგოგების ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ნარგიზ რომანაძე, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საშუალებას თუ მოგვცემს, რა თქმა უნდა გვირჩევნია, სწავლა დასწრებით რეჟიმში განახლდეს. სწავლის დაწყების ფორმასთან დაკავშირებით, მოარული ხმები არსებობს, ზოგი ამბობს ოქტომბერში ან ნოემბერში დაიწყება სწავლა, ზოგმა 15 სექტემბერს და თან ონლაინ რეჟიმშიო, თუმცა სანამ სამინისტრო ოფიციალურად ბრძანებას არ გამოსცემს, ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემი ყველა პასუხი მცდარი იქნება. მე, როგორც ხელმძღვანელი ინფორმაციას ჯერ ვერ გავცემ. ჩვენი სკოლა კი სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება. ამჯერად დაწყებითის მასწავლებლის ვაკანსია გვაქვს, სამმა პედაგოგმა მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა და შედეგებს ველოდებით. საათებიც გადანაწილებული გვაქვს და სასწავლო ცხრილსაც ავტვირთავთ უკვე. ჩვენი პედაგოგები აბსოლუტურად ყველა იცრება, გამონაკლისების გარეშე.

ჯუმბერ ტერუნაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი:

- რა თქმა უნდა გვირჩევია, რომ ახალი სასწავლო წელი დასწრებით რეჟიმში განახლდეს. სამინისტრომ ბრძანება თუ არ შეცვალა სწავლას 15 სექტემბერს დავიწყებთ, თუმცა როგორ დაიწყება სკოლა ჯერ ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ. აცრები ჩემს სკოლაში გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველამ იცის, რომ აცრა ჩვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

გულნარი ბაკურიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ბავშვებთან პირისპირ მუშაობა უფრო ეფექტურია, ამიტომაც სწავლის განახლება დასწრებით რეჟიმში გვირჩევნია, მაგრამ თუ პანდემია ამის საშუალებას არ მოგვცემს, არც ონლაინ რეჟიმი იქნება ცუდი. სჯობს, ისევ დისტანციურად ისწავლონ ბავშვებმა, ვიდრე სულ არ მიიღონ ცოდნა. ჩემი პედაგოგებიდან ნაწილი აიცრა, ნაწილიც დარეგისტრირდა. ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად ვემზადებით, ეს იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები თუ სხვა სახის სასწავლო რესურსით მომარაგება.

მაკა კუპრაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წლის დაწყება დასწრებით რეჟიმში გვირჩევნია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ასეც მოხდეს. ჩემი პედაგოგები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და სადღაც 50% უკვე აცრილია. ჩვენ ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, მაგრამ პანდემია როგორ წარმართავს სიტუაციას არ ვიცით. სამინისტროსგან ჯერ ზუსტად არ ვიცით, სასწავლო წელი როგორ დაიწყება.

მზიური ხარაზი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წლის დაწყების ფორმა სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როგორ დაიწყება სწავლა. ჩემს სკოლას სულ 24 პედაგოგი ჰყავს და ნახევარზე მეტი უკვე აცრილია. ახალი სასწავლო წლისთვის კი მაინც აქტიურად ვემზადებით, სახურავი გამოვცვალეთ და მომავალ წელს სკოლის სრული რეაბილიტირებაც იგეგმება.

ლელა ჩერქეზიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყოს, თუმცა რა ფორმით განახლდება ჯერ არ ვიცით.  სასკოლო საზოგადოებას სურვილი აქვს, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა აზრი ფიქსირდება. ჩემს სკოლაში 22 პედაგოგია და მათგან ნაწილი აიცრა, თუმცა ძალიან ცოტა. მასწავლებლების ნაწილი საეჭვო სტატისტიკებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ვაქცინაცია არაეფექტურია, ზოგს სურვილი აქვს და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ზოგმაც განაცხადა, რომ აცრის სურვილი აქვთ, მაგრამ ამისთვის ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადონ. ჩვენს თემში პანდემიური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და პედაგოგების ნაწილი ასაცრელად გარკვეული ვადის გასვლას ელოდება.

დარეჯან მახარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წლის დაწყება რა თქმა უნდა დასწრებით, ჩვეულებრივ სასკოლო რეჟიმში სჯობს. თუმცა, განახლებასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩემი პედაგოგები იცრებიან და არამარტო მასწავლებლები, ყველა თანამშრომელი. პანდემიის დასამარცხებლად, ჩვენი შეგნება და სამოქალაქო ცნობიერება უნდა ამაღლდეს და ყველა ავიცრათ. ატივაქსერებს კი არ უნდა უსმინონ, არამედ ექიმებს და ჭკვიან ადამიანებს, რომლებმაც ამ ვირუსის შესახებ ყველაფერი იციან. ბავშვობაში აცრა ხომ ყველას გვაქვს გაკეთებული?! ვაქცინაცია სრული პრევენცია არ არის, მაგრამ ხელს გვიწყობს, რომ იოლად გადავიტანოთ. ეს აუცილებლად ყველამ უნდა გავიაზროთ.

ნონა დავითაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პირადად ჩემთვის მთლიანად სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაა პრიორიტეტი. საქართველოში მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო ის იქნება ჩვენთვისაც მისაღები. წინა წელს, ერთი სემესტრი დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით და ჩამორჩენა არ გვქონია, რის გამოც ყველანი კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა პირისპირ სწავლება უფრო ეფექტურია. ჯერჯერობით, სწავლის დაწყების ფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან, ტექნიკის გამართულობასთან დაკავშირებით ჩემი მოსწავლეების გამოკითხვა მიმდინარეობს. მე პირადად სულ 13 პედაგოგი მყავს და მათგან 11 მასწავლებელი უახლოეს პერიოდში სრულად აცრილი იქნება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მხოლოდ რამდენიმე მათგანი ვერ აიცრება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203