„სექტემბრის 20-მდე, შესაძლებელია, იცოდნენ პასუხები“ - სოფიო გორგოძე მასწავლებლების გამოცდის შედეგებზე
10-08-2021

მასწავლებლებელთა პროფესიული გამოცდების დამატებითი სესიები  მიმდინარეობს და ტესტს ის პედაგოგები ან პედაგოგობის მსურველები წერენ, რომელთაც გამოცდის ძირითადი დროისას ხელი კორონავირუსის გამო შეეშალათ.

ამასობაში, დუღილის ტემპერატურა თანდათან იმატებს და აპლიაკნტები გამოცდების შედგებს ელოდებიან. როდის გახდება შედეგები ცნობილი, რა პრინციპით გამოქვეყნდება პასუხები და შეუშლის თუ არა შედეგების დაგვიანება ხელს იმ პირებს, ვისაც მასწავლებელთა მოსამზადებელი 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა სურს? - ამ კითხვებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს - სოფიო გორგოძეს  მივმართეთ.

მისი თქმით, ტესტების გასწორება დაწყებულია და ცენტრს შედეგების გამოქვეყნება კორონავირუსის გავრცელების გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე აგვიანდება.

„შედეგები იგვიანებს სწორედ იმ მიზეზით, რომ საგამოცდო პროცესის გახანგრძლივება 14 დღით მოგვიწია - დასრულდა 14 დღით გვიან. შარშანაც საბოლოო შედეგები სექტემბერში იყო. წელს, რა თქმა უნდა, სასურველია, შედეგები უფრო ადრე ყოფილიყო, მაგრამ ამ პანდემიიდან გამომდინარე, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. სამინისტრომ და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრმა გადაწყვიტეს, გარკვეული ცვლილებები შეეტანათ სქემაში,  რათა ვინმე შედეგების გამოცხადების დაგვიანების გამო არ დაზარალებულიყო“,- თქვა სოფიო გორგოძემ.

რაც შეეხება უშალოდ შედეგების გამოქვეყნების პროცესს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პასუხები ყველა აპლიკანტისათვის ერთდროულად გამოქვეყნდება.

„გამოცდის შედეგები ერთიანად გამოქვეყნდება იმიტომ, რომ ეს ტესტი არის ერთი და იგივე. უბრალოდ, აპლიკანტებს განსხვავებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აქვთ გადასალახი, შესაბამისად, ყველასთვის ერთიანად გამოქვეყნდება“

უშუალოდ შედეგების გამოქვეყნების თარიღთან დაკავშირებით კი სოფიო გორგოძე ამბობს:

„სექტემბრის 20-მდე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მათ იცოდნენ პასუხები, ამის შანსი არსებობს“.

თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ზუსტი თარიღის თქმა წინასწარ შეუძლებელია.

„ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ ჩვენ მერე სააპელაციო პროცესი გვაქვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, თუნდაც, აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელები, რომელთაც, რიგ შემთხვევაში, საშუალება აქვთ, რომ პასუხები თავიანთ ენაზე დაწერონ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვიწევს ამ ნაშრომების თარგმნა და შემდეგ გასწორება. ამ ყველაფერს დრო მიაქვს და ზუსტი თარიღის თქმა წინასწარ შეუძლებელია ხოლმე“,- სოფიო გორგოძე.

არსებობს კითხვა, გამოცდის შედეგების დაგვიანება ხომ არ შეუშლის ხელს იმ პირებს, ვისაც მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა სურთ. ამ კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი ასეთია:

„ცენტრი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საბოლოო შედეგების გამოცხადებამ ხელი არ შეუშალოს მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე შესაბამის ვადებში სწავლის დაწყებას“.

დამატებითი საგამოცდო სესიები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის 12 აგვისტოს დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203