საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საფასურის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. დოკუმენტში, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს, აღნიშნულია, რომ სკოლების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება, ხოლო უმაღლესების საბჭოს - ორი წლით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოს წევრებს, განათლების სამინისტროს წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ - მინისტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით მტკიცდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნულია ბრძანებაში.