წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ვალდებულებები - რა მოეთხოვებათ სტატუსიან პედაგოგებს
მასწავლებელთა პროფესიული წინსვლა და სტატუსის ამაღლება მხოლოდ ანაზღაურების ზრდასთან არ ასოცირდება. ახალი საფეხური მასწავლებლებს ახალ ვალდებულებებს უწესებს.
ამჯერად, წამყვანისა და მენტორის სტატუსის პედაგოგების ვალდებულებებს შეგახსენებთ, რომლებიც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშია გაწერილი.
დამატებითი მოთხოვნები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის:
წამყვანი მასწავლებელი:
- ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: ეხმარება კოლეგებს მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.
- საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს ტუტორებს/პრაქტიკის ხელმძღვანელებს ან თავად ასრულებს ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციებს.
- აქვს ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ეცნობა ზოგადად განათლების სფეროში და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მიღებულ გამოცდილებას იყენებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და, ასევე, უზიარებს კოლეგებს.
- ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით.
- ამყარებს კონტაქტებს ეროვნულ დონეზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
- სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან.
- ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში ხელს უწყობს მოსწავლეების პროფორიენტაციას
- არის ინიციატორი, გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობებს.
მენტორი მასწავლებელი:
- ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას.
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
- ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.