ახალი სასწავლო წელი კარს მოგვადგა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით სხვადასხვა ხმა დადის, ზოგი ფიქრობს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება, ზოგიც - პირისპირ სწავლებას არ გამორიცხავს.
მართალია, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სასწავლო წლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მზადება დაწყებულია. უმაღლესები სტუდენტებს მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან, სადაც სთხოვენ მიაწოდონ ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით: არიან თუ არა ისინი აცრილები. როგორც უმაღლესები შეტყობინებში იუწყებიან, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რათა გადაწყდეს - როგორ დაიწყება სწავლა.
მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს მისწერა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების ფორმატის დასაგეგმად, მნიშვნელოვანი იყო გაეცათ პასუხი კითხვაზე: იყვნენ თუ არა აცრილები.
გამოდის, რომ უმაღლესი სასწავლებლები ინფორმაციას აგროვებენ აცრილი სტუდენტების შესახებ, რათა გადაწყვიტონ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ, თუ - „ზუმში“.
ალბათ, იმ შემთხვევაში თუ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დიდი ნაწილი აცრილი იქნება, სექტემბრიდან აუდიტორიაში მოუწევთ შეხვედრა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ, ვაქცინირებული სტუდენტები დაბრუნდნენ, ხოლო დანარჩენები - დისტანციურად დაესწრონ ლექციებს.
დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან და ვაქცინაციის დაბალი აქტივობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სწავლა კვლავ დისტანციურად განახლდება, თუმცა დაველოდოთ - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები.