„მშობელი ემოციურად და სულიერად მზად უნდა იყოს, ბავშვის კითხვა უპასუხოდ არ დატოვოს“
12-08-2021

ONLINE-გადაცემაგაამოს“ - ესაა სააზროვნო საუბრები აღზრდა განათლებაზე, პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალ ადამიანებთან,  მზრუნველ ოჯახებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად.

დასკვნითი გადაცემა უცვლელმა წამყვანმა და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ამ პროექტის შექმნისკენ უკიდურესმა აუცილებლობამ გვიბიძგა. მოზარდების გააზრებულ აღზრდა-განათლებაზე საფიქრალად, დღეს, სამწუხაროდ, არავის სცალია - არც ტელევიზიებს, არც ტელესახეებს, არც სახელმწიფო მოხელეებს, არც პოლიტიკოსებს... ქვეყანა სხვა დღის წესრიგით ცხოვრობს.

ONLINE-გადაცემაგაამოს“ იმისთვის შეიქმნა, მოზარდების აღზრდა-განათლების თანამედროვე პრობლემებს არამარტო მივადევნოთ თვალი, არამედ  გადავწყვიტოთ ისინი. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პირველი 5 გადაცემა, დღეს კი მე-6 - შემაჯამებელი გადაცემაა და აქვე გიამბობთ ჩვენი იდეის შესახებ ვაპირებთ, შევქმნათ საოჯახო სახელმძღვანელო „პრაქტიკული ფსიქოლოგიის წიგნი“, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა მშობლებს, ბებია-ბაბუებს - მოზარდების გარდატეხის ასაკი გადაიტანონ უმტკივნეულოდ. ასეთი საოჯახო სახელმძღვანელო შექმნის ყველანაირი პირობა არსებობს. გვინდა იცოდეთ - ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ რაღაცას მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაგვეთვალოს. ამ პროექტს ექნება ღრმა, შინაარსობრივი დატვირთვით გაგრძელება“.

დასკვნითი გადაცემის თემა გახლდათ ზაფხული - თუ  როგორ უნდა დაიგეგმოს მოზარდის საზაფხულო დასვენება, მხოლოდ გართობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება თუ შემეცნებასა და ცოტა მეცადინეობაზეც?

თანაწამყვანმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვაზე, ჯანსაღი მომავლის, ინტელექტუალი ახალგაზრდების ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ფსიქიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდაზე უკეთესს  ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ცხოვრებაში.

„ბავშვისთვის არდადეგები დასვენების პერიოდია და შენიშვნად მიმიცია ახლობლებისთვის, ბავშვებს რუტინულად რომ უგეგმავენ დღეს. ბავშვს დასვენებაც უნდა და სილაღეც; უნდა იგრძნოს, რომ ზაფხულია. არაფერში ვზღუდავ ჩემს შვილს ზაფხულის პერიოდში, წიგნის კითხვა კი უნდა იყოს მეგობრულად მიწოდებული და სხვათა შორის, ეს პრაქტიკა მუშაობს. ვფიქრობ, პირობითად, ზაფხულის 80% დასვენებას უნდა დაეთმოს. ჩვენი შვილები განძია, მთავარია, სწორი მოტივაცია შევუქმნათ, მეტი დრო დავუთმოთ, რაც უნდა დაღლილები ვიყოთ“.

მოწვეულმა სტუმარმა - ადიგენის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაცემის თემა სწორადაა შერჩეული და საკითხზე მსჯელობა ძალიან საინტერესოა:

„არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიგიღიათ. თემა ძალიან სერიოზული და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და შემიძლია გითხრათ - კიდევაც უნდა გაერთოს ბავშვი, კიდევაც იმეცადინოს, რათა ნასწავლი მასალა არ დაავიწყდეს და ახალი სასწავლო წლის დაწყებისას უცოდინარი არ მივიდეს სკოლაში. დასვენება რომ უთუოდ დასაგეგმია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დაგეგმილი უნდა იყოს ოჯახთან ერთად. ასაკობრივი თავისებურებებიც გასათვალისწინებელია. ყველა მოსწავლეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მშობელმა დრო ბავშვთან ერთად უნდა გაატაროს, მასთან ერთად წაიკითხოს წიგნი; მთავარია, ბავშვს საშუალება მივცეთ, თამაშსაც დაუთმოს დრო და შემეცნებასაც. მშობელი კი ყოველთვის უნდა იყოს ჩართული“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი სილაგაძემ კი იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ „ეტალონი“, შემოქმედებით გუნდთან ერთად, ყოველთვის საჭირბოროტო თემებზე აკეთებს აქცენტს:

„ზაფხულის დაგეგმვაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რას აძლევს პედაგოგი სამიზნედ და სააზროვნოდ ბავშვებს. არსებული შეზღუდვების გამო, ახლა უკვე ზაფხულის დაგეგმვის დატვირთვა მშობლებზე მეტად  მოდის; ამიტომ ისეთ გარემოში უნდა გაატარებინოს ბავშვს ზაფხული, სადაც მეტი თავისუფლება ექნება, გამოავლინოს  შემოქმედებითი მხარე - ზაფხული ბავშვისთვის უნდა იყოს ახალი აღმოჩენების პერიოდი. გადაცემაში ძალიან საინტერესო გარემოებებზე კეთდება აქცენტი - ყველა ოჯახს არ ექნება შესაძლებლობა ბავშვებს დასასვენებლად სხვადასხვა ლოკაცია შეურჩიოს, თუმცა ოჯახი იმისთვის უნდა იყოს მზად, რომ მოზარდს ბევრი კითხვა ექნება და მასზე პასუხები უნდა უნდა მიიღონ. მშობელი ემოციურად და სულიერად მზად უნდა იყოს, ბავშვის კითხვა უპასუხოდ არ დატოვოს და აჰყვეს მსჯელობაში“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203