ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ქვეყანა „ლოქდაუნის“ მორიგ წრეზე მიდის - 4 სექტემბრამდე იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საჯარო უწყებები მაქსიმალურად გადადიან დისტანციურ ფორმატზე და კერძო უწყებებსაც ამისკენ მოუწოდებენ. ამასთან, როგორც სამთავრობო უწყებები გვიანონსებენ, დამატებითი შეზღუდვების დაწესება-არდაწესება, სწორედ ამ სამკვირიანი პერიოდის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.
ამ ფონზე, ბუნებრივია, ლოგიკური კითხვები ჩნდება, რომელთა შორის, ერთ-ერთი აქტუალური სასწავლო წლის ფორმატია. როგორ დაიწყება ახალი - 2021-2022 სასწავლო წელი - დისტანციურად თუ საკლასო ოთახებში? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა.
როგორც ირკვევა, კონკრეტული პასუხი ოფიციალურ სტრუქტურას ჯერჯერობით არ აქვს, ზოგადი განმარტება კი ასეთია: „ჩვენი მიზანია სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს და ამავდროულად, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის, მასწავლებლისა და სკოლის პერსონალის ჯანმრთელობა. სწავლა იწყება 15 სექტემბერს. დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება“.