აუცრელი მასწავლებლებისთვის სექტემბრიდან კოვიდტესტირება შესაძლოა ფასიანი გახდეს
13-08-2021

ქვეყანაში მორიგი, მართალია, შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. ეპიდვითარება რთულია და საზოგადოებას აქტიურად მოუწოდებენ აცრისკენ; რთულია განსაზღვრა, საბოლოოდ, რა შედეგებზე გავალთ, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უკევ დააანონსა, რომ აუცრელი პირებისთვის, კოვიდტესტირება შესაძლოა ფასიანი გახდეს.

„ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ. სახელმწიფო ადამიანებს ვაქცინას უფასოდ სთავაზობს, მაგრამ თუ მას არ უნდა ამ ვაქცინის გაკეთება, მაგრამ გარკვეული აქტივობები სურს, რომელიც სხვებისთვის საფრთხის შემცველია, მაშინ სახელმწიფომ უნდა დაიზღვიოს თავი და ასეთ ადამიანებს ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, მაგრამ ალტერნატივად არსებობს უფასო ვაქცინა. ასეთი ჯგუფის ადამიანებს შესთავაზებენ ტესტს, ოღონდ უკვე ფასიანს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

მართალია, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიუღიათ, მაგრამ დიდი ალბათობით, ასეც მოხდება და მაშინ რა გამოდის? მასწავლებლებს, რომლებსაც ევალებათ ორ კვირაში ერთხელ კოვიდტესტის ჩაბარება, თუ აცრაზე უარს იტყვიან, ტესტის საფასურის გადახდა მოუწევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაპირდაპირი გზით, პედაგოგებს აცრას დაავალდებულებენ, ისევე როგორც ბაღებში მომუშავე პერსონალს და მათ მიზერულ ანაზღაურებას, სწრაფი ტესტის შემთხვევაში, თვეში 70, ხოლო PCR-ის შემთხვევაში 200 ლარი გამოაკლდება.

სხვათა შორის, იმნაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის შესაძლოა აცრა სავალდებულო გახდეს.

„გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველასთვის არა, მაგრამ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგალითად, ჩემი კოლეგებისთვის“,

სასწავლო წელი კი კარს მოგვადგა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203