საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებიან და მათ სწავლას გრანტის მაქსიმალური ოდენობით - წელიწადში 2250 ლარი, სახელმწიფო აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტები თავად ირჩვენ იმ უნივერსიტეტს, რომელშიც სწავლის გაგრძელება სურთ.
ამ შეღავათით სარგებლობლობა კი იმ პირებს შეუძლიათ, ვინც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, Etaloni.ge-ს კითხვით იმ პირებმა მიმართეს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და მაგისტრატურის საფეხურის გავლა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ. მათ აინტერესებდათ, ბაკალავრების მსგავსად, მაგისტრანტებსაც შეეძლოთ თუ არა არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ მიმართულებაზე გამოცდის გარეშე მოხვედრა.
გაირკვა, რომ „აღნიშნული წესი მაგისტრანტობის მსურველ პირებზე არ ვრცელდება. ისინი ვერ შეძლებენ მაგისტრატურის საფეხურზე სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე მოხვედრას“ - ეს ინფორმაცია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა.