საბერძნეთში მასწავლებლებს, რომლებიც სამსახურში დაბრუნების წინ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ან რეგულარულ ტესტირებაზე უარს იტყვიან შესაძლოა ნაკლები ხელფასი გადაუხადონ. გამოცემა Ekathimerini-ის ინფორმაციით, საბერძნეთის განათლების სამინისტრო ახალი წესების მიღებაზე მუშაობს.
ახალი ღონისძიებები, რომლებსაც სამინისტრო სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო სასწავლო წლის უზრუნველსაყოფად ამუშავებს, ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელსა და პედაგოგს შეეხება.
გარდა ხელფასის შემცირებისა, მუდმივი პედაგოგიური პერსონალი შესაძლოა ჩამოაცილონ მოვალეობების შესრულებას ხელფასის შეუნარჩუნებლად მანამდე, სანამ ვაქცინაციას არ ჩაიტარებენ. დროებით პერსონალს კი შესაძლოა კონტრაქტები შეუჩერონ.
ასევე, როგორც გამოცემა წერს, განათლების სფეროს აუცრელი წარმომადგენლები საჯარო სამსახურის ქულების დაგროვების სისტემით კრედიტებს დაკარგავენ. რაც აისახება მათ კარიერულ პერსპექტივებზე ან დასაქმებაზე.
ბერძნების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეპიდემიის დამარცხებას შეუწყობს ხელს, ამის შესახებ Reuters 29 ივლისს ბერძნული კომპანიის Alco-ს გამოკითხვაზე დაყრდნობით წერდა. უმრავლესობა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების, კერძოდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, მოხუცებულთა თავშესაფრების პერსონალის და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა.