კეთილი ინებონ და აიცრან ან ორ კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯით დაიტესტონ!  ეს ეხება მასწავლებელთა ჯგუფებსაც - გამყრელიძე
17-08-2021

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის ტარება ყოველთვის, -  ამის შესახებ საკოორდინაცო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინა ტიკარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ საწოლფონდის მხრივ მდგომარეობა რთულია - „სრულადაა გაჯერებული საწოლფონდი, ვახდენთ პაციენტების აკადემიურ მართვას, დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა ვისაც ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კი იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სექტმებრიდან ტესტირება აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდება. ეს ეხება პედაგოგებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას:

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო რადიკალურად გამოდის, ეს არ არის ჩვენს მიერ გამოგონილი ველოსიპედი, მიღებული რეკომენდაციაა მთელ მსოფლიოში - სხვადასხვა დიდ დაწესებულებაში შედიხარ აცრილის სტატუსით ან 24-საათიანი ანტიგენით ან 72-საათიანი PCR-ით.

ვფიქრობ, ეს საკითხი იქნება ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სექტემბრისთვის, ხალხი უნდა მოემზადოს, ამ საკითხზე ვმუშაობთ. 

გარდა ამისა, ტესტირება გახლავთ ერთ ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 38 ათასი გაქვს საშუალო მაჩვენებელი; სექტემბრის 15-დან ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ დაიტესტებიან - მათ ვალდებულება ექნებათ, ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ, ამიტომ კეთილი ინებონ და აიცრან, ან ორ კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით დაიტესტონ და ეს ეხება მასწავლებელთა ჯგუფებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203