აცრილ პირებზე კოვიდბარათების გაცემა დაიწყო. დოკუმენტის მიღება იუსტიციის სამინისტროს ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
კოვიდბარათზე იქნება ინფორმაცია პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ, ასევე, ბარათზე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. აქამდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა.
როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა აცრილი პირისთვის, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.
აქვე, შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვინც აქამდე კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ტესტს სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ იტარებდა, 15 სექტემბრიდან ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებს, მათ შორის ვერც მასწავლებლები.
ტესტი უფასოდ მხოლოდ აცრილი პედაგოგებისთვის იქნება. მასწავლებელს, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით მოუწევს.