დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სავარაუდოდ სექტემბრიდან ორჯერადად აუცრელი ადამიანებისთვის ტესტირება ფასიანი გახდება. ეს გადაწყვეტილება სკოლის პედაგოგებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებასაც შეეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:
რამაზ ხინიკაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და მიმაჩნია, რომ იძულებით არაფერი უნდა ხდებოდეს. ამ ქვეყანაზე ჩვენთვის ჯერ კარგი არაფერი დაუძალებიათ. არც ანტივაქსერი ვარ და არც აცრისკენ მოვუწოდებ ვინმეს. ამ გადაწყვეტილებით ადამიანი იძულებული ხდება, მშიერი რომ არ დარჩეს, აიცრას. ხალხი აცრის გადაწყვეტილებამდე ნებით უნდა მივიდეს, რომ აცრა მისივე ჯანმრთელობისთვის არის კარგია და არა იმ შეგნებით, რომ აუცრელი სამსახურში ვერ მივა და ოჯახი მშიერი ეყოლება.
თამარ თვალიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩემთან მასწავლებლები პირველი დოზით ძირითადად აცრილები არიან. ფასიან ტესტებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ, ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია. სამოქალაქო ცნობიერებისთვის ალბათ, ჯობია, აცრის გადაწყვეტილება ყველამ თავად მიიღოს. მე კოვიდ გადატანილი ვარ და ვიცი, ეს რამხელა უბედურებაც არის და ამ პანდემიას ეს აცრები თუ შეაჩერებს, რაც მსოფლიო კვლევებითაც დასტურდება უნდა ავიცრათ. მეც ერთჯერადად უკვე ავიცერი და მეორე დოზასაც უახლოეს პერიოდში მივიღებ. ყველანაირად ხელს გვიწყობენ, რომ სასურველი ვაქცინით ავიცრათ.
ნონა ყაველაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ამ გადაწყვეტილებას არანაირად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ მასწავლებლებს მაგდენი საშუალება ნამდვილად არ აქვთ. იცით, პრობლემა რაზე ექმნებოდათ? ყოველ ორ კვირაში, გაკვეთილების შემდეგ, სოფლიდან უწევდათ ტესტის გასაკეთებლად წასვლა და ეს თითო მასწავლებელს 8 ლარი უჯდებოდა, რაზეც დიდი უკმაყოფილება გაუჩნდათ. ჩემი პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ორჯერადად აიცრან, 26 პედაგოგი მყავს და 15 უკვე აცრილია. მეც მაგალითად უნდა ავცრილიყავი, თუმცა კოვიდი დამიდასტურდა და ძლივს გადავურჩი. 600 ლარი გამოვიტანე ბანკიდან რომ წამლები მეყიდა. თავისი ხარჯებით რომელი პედაგოგი მოახერხებს ტესტების გაკეთებას? ძალიან კარგად იცით, ხელფასები რაც გვაქვს დღევანდელ ფასებთან შედარებით ეს თანხა არაფერს წარმოადგენს. თითოეული პედაგოგი ამ დღეშია და როგორ უნდა შეძლონ ოჯახიც არჩინონ და ტესტირებაშიც ფული გადაიხადონ? ამას ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვება.
ნანა ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მასწავლებლებს ნამდვილად არ აქვთ იმის საშუალება რომ ტესტში თანხა გადაიხადონ. ის რომ ყოველ ორ კვირაში ვიტესტებოდით იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგრამ ახლა თუ ფასიანი გახდება პედაგოგებს ამის საშუალება არანაირად არ ექნებათ. ჩემს შემთხვევაში ვიტყვი, რომ ჩემი მასწავლებლების 90% აიცრება და სკოლას უსაფრთხო გარემოში დავიწყებთ.
ლეილა მაილაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ.:
- მე ეს ინფორმაცია არ მომისმენია, თუმცა ჩემი მასწავლებლების უმრავლესობა უკვე აცრილია, მხოლოდ რამდენიმე მყავს დარჩენილი ვინც საერთოდ არ აცრილა; ასე რომ მე ეგ პრობლემას არ შემიქმნის. ვფიქრობ, აცრილები უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენც დაცულები ვიქნებით და ბავშვებსაც უსაფრთხო გარემოს შევუქმნით.
მაყვალა გელაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ვეთანხმები, ისედაც მასწავლებლები ფინანსურად შეჭირვებულები არიან და ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ადამიანს სხვა გამოსავალი როდესაც არ აქვს ეძებს გზებს. სამსახურს თავს ვერავინ დაანებებს და გამოსავლის ძებნას დაიწყებს. ეს ჩემი აზრია და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.
კაკო ანთაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი:
- თუკი ადამიანს ხელს უწყობს ჯანმრთელობა, უნდა აიცრას, მაგრამ თუ ვერ იცრება ეგ სხვა საკითხია. არამართებული მგონია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ყველაფერი.
ლეილა ბაზერაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მგონია, რომ ყველა მასწავლებელი უნდა აიცრას, რადგან ბავშვებთანა აქვთ ურთიერთობა და სკოლაში უსაფრთხო გარემო უნდა იყოს. მე ვაქცინაციის მომხრე ვარ, შესაბამისად როცა ორჯერადად აიცრებიან პედაგოგები გატესტვაში ფულის გადახდაც აღარ მოუწევთ. სანამ დროა, ჯობია აიცრან. ბავშვი დაცული უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს საშიშროება იმისა, რომ მასწავლებლისგან რაიმე დაავადება გადაედება, მითუმეტეს პანდემიის პერიოდში გვიწევს ცხოვრება. პედაგოგებს მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
ნანა ბაკურაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
- აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. მე თვითონ ორჯერადად უკვე აცრილი ვარ და ჩემი პედაგოგების უმრავლესობაც. მე ვფიქრობ, რომ ესე არ მოხდება, რადგან მასწავლებლებს სთავაზობენ თუ რომელი ვაქცინით ურჩევიათ აიცრან. ჩვენს შემთხვევაში აცრის სურვილი ყველამ გამოთქვა და ტესტები აღარ დასჭირდებათ.
ნოდარ შავაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ვაქცინას თუ გაიკეთებენ, თანხის გადახდაც არ მოუწევთ, ამიტომაც ფულის გადახდამდე საქმე არ უნდა მიიყვანონ. მასწავლებლები მაგალითები უნდა იყვნენ და ყველას აჩვენონ, რომ აცრა აუცილებელია.
ეკატერინე ჯამბურია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
- ამ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმები, როგორი იაფიც უნდა ღირდეს ტესტი, მასწავლებლის ხელფასი ყოველ 2 კვირაში ვერაფრით გაწვდება. ზოგადად კი მინდა გითხრათ, რომ ჩემი პედკოლექტივის 60% აცრილია და შესაბამისად, ჩემს სკოლაში მსგავსი პრობლემა არ შეიქმნება. მასწავლებლებისთვის ზოგადად ტესტებში თანხის გადახდა რთული იქნება და ამ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმები.
მზია ჟვანია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ეს საკმაოდ კომპლექსური და რთული საკითხია და საკუთარი ჯიბიდან მასწავლებლებს ტესტებში ფულის გადახდა თუ მოუწევთ მარტივი საკითხი ვერ იქნება, რადგან ყველა პედაგოგი ხელფასზეა დამოკიდებული; ტესტირება ყოველ ორ კვირაში ტარდებოდა და ეს პატარა თანხასთან არ იქნება დაკავშირებული და ეს მათთვის ტვირთი გახდება. ვინც არ აიცრება თანხის გადახდა მინიმუმ თვეში ორჯერ მოუწევთ...
მაია მეგრელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლა:
- მასწავლებლებს ეს სიახლე დარწმუნებული ვარ არ მოეწონებათ. ჩვენი სკოლიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ პედაგოგების 90% ორჯერადად უკვე აცრილია, მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელია დარჩენილი ვინც აცრაზე უარს ამბობდნენ და ახლა რა აზრის არიან ჯერ არ ვიცი. მასწავლებლები თუ აიცრებიან თანხის გადახდა არ მოუწევთ, ამიტომ პანდემიის დასამარცხებლად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა აიცრას.
ნათია დევაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ვაქცინაცია აუცილებელია, სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენს სკოლაში ეს პრობლემა არ დგას, 62 თანამშრომლიდან უმეტესობა აცრილია, თუმცა 8 თანამშრომელი, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ამ ეტაპზე აცრას ვერ იკეთებენ. ალბათ, მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებისთვის რაიმე რელევანტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჯერ წინასწარ არ ვიცი არაფერი, სანამ სამინისტრო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. კიდევ განვმეორდები, რომ ისეთ დაწესებულებაში, როგორიც სკოლაა აცრა აუცილებელია, რათა ბავშვები დავიცვათ, თუმცა თუ მშობლებიც არ აიცრებიან ეს შედეგს ვერ მოიტანს. ყველა ერთობლივად უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ აცრა აუცილებელია და არც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება გახდება საჭირო.
გენადი შაკიკაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ყველაფერი ფულზე როგორ არის დამოკიდებული? მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, მსოფლიო ფეხზე დგას ადამიანების გადასარჩენად და მასწავლებლებისთვის გატესტვაში ფული თუ უნდა გადაახდევინონ ეს მიუღებელი იქნება ჩემთვის.
რუსუდან მამულაშვილი-პაპუაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლაში უსაფრთხო გარემო უნდა იყოს, ამიტომ ყველა პედაგოგს და სკოლის თანამშრომელს უნდა ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა და აიცრან. ვაქცინაცია უფასოა და ასევე, გარანტი იმისა რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო შევქმნათ. აქცენტს მხოლოდ ამაზე გავაკეთებ, რადგან ვაქცინა გვიცავს და სანამ სასწავლო წელი დაიწყება, სჯობს ყველა ვაქცინირებული იყოს.