სწავლის დისტანციურად დასაწყებად პედაგოგები მზად არიან, თუმცა სოფლის პირობებში ონლაინ-სწავლა რთულია - დირექტორები დისტანციური სწავლების შესახებ
18-08-2021

საქართველოში გართულებული ეპიდვითრების გამო, სავარაუდოდ, სწავლა საკლასო აუდიტორიებში არ აღდგება და მოსწავლეებს განათლების მიღება ისევ დისტანციურ რეჟიმში მოუწევთ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ისინი სწავლების საკლასო აუდიტორიებში დაწყების რეკომენდაციას იქამდე ვერ გასცემენ, სანამ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი არ იქნება. დღესათვის კი ეს მაჩვებელი საშუალოდ, 10%-ის ფარგლებში მერყეობს. რამდენად მზად არიან სკოლები იმ შესაძლო შემთხვევისთვის, თუ სწავლა დისტანციურად განახლდა, ამ კითხვით სხვადასხვა სკოლის დირექტორს მივმართეთ.

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე:

„ის მოთხოვნები, რაც ევალებათ სკოლებს რომ განახორციელონ, ბუნებრივია, რომ ვასრულებთ და რა დადგენილებები და გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული შევასრულებთ. დაველოდებით განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს. პირველად რომ დისტანციურზე გადავედით, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, როგორიც ქვეყანაში იყო ვფიქრობ, რომ პროცესს საკმაოდ სწარაფად ავუღეთ ალღო. პროცესში აქტიურად ჩავრთეთ, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. თავიდან შესაძლოა ცოტა პრობლემები იყო „თიმსთან“ მიმართებაში და სხვა ალტერნატიულ საშუალებებსაც მივმართავდით. თუმცა მალევე ყველა სრულფასოვნად ჩაერთო ამ პროცესში.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის დირექტორი მერი დიასამიძე:

„მომზადებული შევხვდებით იმ მოცემულობას თუ სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.  მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს ინტერნეტი,  კომპიუტერული ტექნიკა და მობილურები აქვთ. ამდენად, გათვითცნობიერებული აქვთ, რომ პანდემიის გამო შეიძლება დისტანციურზე გადავიდეთ“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე:

„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. სოფელში ინტერნეტია გაყვანილი, წინა წლებთან შედარებით, ახლა უფრო მეტი მოსახლე იმონტაჟებს კაბელურ ინტერნეტს. სკოლაშიც შემოყვანილია ინტერნეტი, შემიძლია მასწავლებლებს სკოლიდანაც შევთავაზო მუშაობა, მაგრამ მათ სახლშიც არ აქვთ ამის პრობლემა. სტატისტიკური ანალიზიც ჩავატარეთ, ვის რამდენად ექნებოდა მობილურებსა და კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა. 95% აქვს ტელეფონი, პლანშეტი ან კომპიუტერი. მათ ინტერნეტთან კავშირიც აქვთ. არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და საკაბელო ინტერნეტი არ აქვთ. თუმცა მათმა მშობლებმა გვითხრეს, რომ მობილურით მაინც შეძლებენ დაკავშირებას. ასეთ მოსწავლეებს წინა სემესტრებში მასწავლებლები ტელეფონზე ურეკავდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, სკოლაშიც იბარებდნენ, რომ იქ ინდივიდუალური გაკვეთილი ჩაეტარებინათ. ამ პრაქტიკამ გაამართლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ გვექნება და ხელი არ შეგეშლება.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ახალაძე:

„სწავლის დისტანციურად დასაწყებად პედაგოგები მზად არიან, თუმცა სოფლის პირობებში ონლაინ სწავლა რთულია, ინტერნეტი ყველას არ აქვს. მობილურებზე დარეკვით გვიჭირს ყველასთან კონტაქტი.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი გურამ დუმბაძე:

„წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მზად ვართ იმ შემთხვევისთვის, თუ სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. წინასწარ ჯერ არ ვიცით რა მდგომარეობა იქნება. ალბათ, როდესაც სწავლას დავიწყებთ, მაშინ უფრო გამოჩნდება თუ რაიმე პრობლემა იჩენს თავს.“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბარამიძე:

„გასული წლის მონაცემებით, ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული დისტანციურ სწავლებაში. აქედან გამომდინარე, არც ამჟამად არავის არ უთქვამს, რომ ინტერნეტის ან კომპიუტერული მოწყობილობების პრობლემა აქვთ, რის გამოც პროცესში ვერ ჩაერთვებოდნენ. მოსწავლეებისა და მასწავლებლების განწყობა ასეთია, ყველას უნდა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო აუდიტორიებში განახლდეს.“

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ნოზაძე:

„ონლაინ სწავლების მზაობა არის, მაგრამ, ამ მხრივ, პრობლემები შარშანაც გვქონდა, გვყავს ისეთი მოსწავლეები, ვისაც ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვთ, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან. უმეტესობის წინაშე ეს პრობლემა არ დგას. რაიმე მნიშვნელოვან გართულებას არც ახლა ველოდებით.“

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ქადიეშვილი:

„სკოლაში მხოლოდ 2 ბავშვი გვყავს ისეთი, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ. დანარჩენები „თიმსის“ პროგრამაში ჩართულები არიან. კომუნიკაცია მშობლებთანაც გვაქვს. არ გვინდა, რომ დისტანციურად დაიწყოს, მაგრამ იმისთვის, რომ გადავრჩეთ და კარგად ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. პირველკლასელებს, როგორც ყოველთვის ბუქებს აჩუქებენ, ალბათ ამ ტრადიციას არ უღალატებენ, ასე რომ ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა აქვთ მოსწავლეებს. პრობლემა მხოლოდ ის 2 ბავშვია, ისეთ ადგილას ცხოვრობენ, რომ ინტერნეტი არ მიეწოდებათ.“

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი:

„მზად ვართ იმ შემთხვევისთვის, თუ სწავლა დისტანციურად დაიწყო. თავიდან იყო რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტი და კომპიუტერი, თუმცა, საბოლოოდ, ესეც მოწესრიგდა. თუ გაუჭირდებოდათ, ჩვენ დირექცია სკოლაში ვიყავით და ადგილიდან ვრთავდით მოსწავლეებს. იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები სოფელში იყვნენ წასულები და ხარვეზები ჰქონდათ. ამ დროს მასწავლებლები მათთვის დამატებით გაკვეთილებს ატარებდნენ. თუ განმეორდა სიტუაცია და ისევ ონლაინ მოგვიწია სწავლა, უფრო მომზადებულები ვიქნებით. სკოლაში ინტერნეტი გამართულად მუშაობს. როდესაც სწავლა დისტანციური ფორმატით მიმდინარეობდა მაშინაც სკოლაში ვიყავი და იქედან ვმართავდით სიტუაციას, აწიც ასე ვაპირებ.“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე:

„სკოლებს ონლაინ სწავლების გამოცდილება გვაქვს და მასწავლებლები იმ გარემოებების გათვალისწინებით გააგრძელებენ მუშაობას, რა გარემოებებიც იქნება. თუ იქნება დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ამ პროცესში ყველა მოსწავლე ჩართული იქნება. ჩვენ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად წარმატებული იყოს და სწავლებისათვის სასიკეთო შედეგი მივიღოთ.“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნაკაშიძე:

„როგორც გასულ წლებში, სკოლა ახლაც ემზადება სასკოლო პროცესის განახლებისთვის. რა თქმა უნდა, წელს უფრო განსაკუთრებით, რადგან ვიცით დისტანციური სწავლება როგორ უნდა წარიმართოს, ამის გამოცდილება გვაქვს. რა სჭირდებათ მოსწავლეებსა და სკოლას ეს უკვე გავლილი გაქვს და რასაკვირველია, ვცდილობთ უფრო მომზადებული შევხვდეთ ამ ახალ სასწავლო წელს. ოჯახებში უკვე მეტ-ნაკლებად იციან, რომ თუ ონლაინ სწავლა დაიწყება ინტერნეტთან კავშირი უნდა ჰქონდეთ და ამისთვის ემზადებიან.“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი ლავრო კოსტავა:

„თუ საჭიროება მოითხოვს, დისტანციური სწავლების გამოცდილებაც არსებობს და ამისთვისაც მზად ვართ. ძალიან მცირეა იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის პრობლემა აქვთ. თუმცა მათთან მობილურებით დაკავშირება შეგვიძლია. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა ერთ ათეულს არ სცდება.“


ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი ელიზბარ ბარბაქაძე:

„იმ შემთხვევისთვის, თუ სწავლა დისტანციურად დაიწყო, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ინტერნეტიც ნორმალური არის, კომპიუტერებიც.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კოღუაშვილი:

„თუ სწავლა ონლაინ დაიწყება, პატრიკეთის სკოლა ამისთვის მზად არის. ჩვენ წინა წლებიდან დისტანციური სწავლების გამოცდილება გვაქვს. ამიტომ, ჩემს არც ერთ მასწავლებელსა და მოსწავლეს პრობლემა არ შეექმნება. ჩვენი სოფელი ეკონომიურად საკმაოდ შეძლებულია და ამიტომ არც ინტერნეტის და არც კომპიუტერული ტექნიკის პრობლემა არ დგას.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ვერულიძე:

„იმ შემთხვევისთვის თუ სწავლა კვლავ დისტანციურად დაიწყო, ჩვენი სკოლა მზადაა. გვყავს ბავშვების ნაწილი, რომლებიც ინტერნეტისა და ტექნიკის არქონის გამო, გაკვეთილებზე ვერ ერთვებოდნენ, მაგრამ ამ დროისთვის, ეს ყველაფერი მოწესრიგდა. ამჟამად მხოლოდ 2 მოსწავლე გვყავს ისეთი, ვინც ვერ ჩაერთვება, მაგრამ ამ მხრივაც ვცდილობთ მდგომარეობის გამოსწორებას.“

 ქუთაისის N20 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან შენგელია:

„მზად ვართ ონლაინ სწავლებისთვის, თუმცა გარკვეული პრობლემები ისევ არაა აღმოფხვრილი. მაგალითად, ბევრ მოსწავლეს არ აქვს ისეთი ტექნიკა, რომლითაც გაკვეთილზე ჩართვას შეძლებს და ამ მხრივ, ვფიქრობ, ისევ პრობლემა გვექნება. მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ეს საკითხი შეძლებისდაგვარად მოეგვარებინათ. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს აქვთ ეს პრობლემა. მოსწავლეების დანარჩენი ნაწილი მზად არის სასწავლო პროცესში ონლაინაც ჩაერთოს.“

ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი:

„ჩვენ ორივე ვარიანტისთვის მზად ვართ. თუ სწავლა აუდიტორიებში დაიწყო, მასწავლებლების 90% აცრილია, არის მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი და სკოლის თანამშრომელი, რომელიც ცოტა მოგვიანებით აიცრება. ხოლო რაც შეეხება იმ მდგომარეობას, თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ონლაინ სწავლება დაიწყო, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. კლასები უკვე დაკომპლექტებული გვაქვს, „თიმსისპლატფორმაც შექმნილია, მზად გვაქვს ონლაინ რესურსები, რომლებითაც გაკვეთილებს უფრო მარტივად ვატარებთ და აბსოლუტური მზადყოფნა გვაქვს. რაც შეეხება მოსწავლეების ინტერნეტითა და კომპიუტერით აღჭურვას, პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით კომპიუტერები, ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში, მთავრობის ეგიდით გაცემულია. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლეებს პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, კომპიუტერი არაა მწყობრში ან ინტერნეტს არ იჭერს. ასეთ შემთხვევაში ჩვენც ვცდილობთ, რომ თავად შევკრიბოთ ეს პატარა ბუკები და ჩვენი აიტი-მენეჯერი უსასყიდლოდ აკეთებს ბუკებს და ამზადებს იმისთვის, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში ჩავრთოთ.“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე:

„სკოლა გამართულ მდგომარეობაშია და გულის ფანცქალით ველოდებით როდის იტყვიან, რომ სასწავლო პროცესს აუდიტორიებში ვუბრუნდებით. განათლების სამინისტრომ ძალა და ენერგია არ დაიშურა იმისთვის, რომ სკოლა მომზადებული იყოს. მასწავლებელთა 90% ვაქცინირებულია. ინტერნეტი გამართულია, უბრალოდ კომპიუტერული ტექნიკა გვაქვს მოძველებული. 2007 წელს რომ შემოვიდა ეს ტექნიკა, იმის მერე არ განახლებულა. ბავშვებს დაწყებით კლასებში ბუკები აქვთ. შარშან, როდესაც ონლაინ სწავლება იყო, ამ მხრივ, ხელი არ შეგვშლია. იყო რამდენიმე სოციალურად დაუცველი მოსწავლე, რომელთაც ისეთი გულისხმიერი დამრიგებელი ჰყავდათ, რომ სახლში მიჰყავდა და იქ ამეცადინებდა. გადანაწილებდა 3 მოსწავლეს სხვადასხვა ოთახში და ისე ასწავლიდა. რაც კი რამ შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნაკაიძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობას ინტერნეტი აქვს, თუმცა არიან ერთეულები, რომლებსაც არ აქვთ ტექნიკა და ინტერნეტთან წვდომაც უჭირთ. ამ მხრივ, პედაგოგებს უკეთესი ვითარება აქვთ. ვფიქრობ, წინა სემესტრებთან შედარებით, ახლა უკეთესი მდგომარეობაა.“

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი საბანიძე:

„ჩვენთან ინტერნეტის მიღება ძალიან ცუდია. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება. თუკი დისტანცურად ვისწავლით, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის ასე სჯობს. ჩვენ, ლახამულის თემში ბოჭკოვანი ინტერნეტი არ გვაქვს, მიღება ძალიან ცუდია, თანაც ახლა ქსელიც გადატვირთულია. ამ ბოლო ორ თვეში სადაც ვაიფაი გვაქვს, იმათაც კი გვიჭირს, ახლაც გარეთ გამოვედი თქვენ რომ დაგლაპარაკებოდით. ხელმოწერებიც შევაგროვეთ, რათა ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. სკოლაში 15 მოსწავლე გვყავს, უმეტესობა დაბალ საფეხურზეა, აქვთ კომპიუტერები. ოჯახებსაც აქვთ საშუალება და ტექნიკა ნამდვილად აქვთ. მთავარი პრობლემად ის რჩება, რომ ინტერნეტ-კავშირი არ გვაქვს. სკოლაში ვინც მუშაობს, იმ პირს სხვანაირი პასუხისმგებლობა აქვს, ამიტომ მე, როგორც დირექტორი პირველი ავიცერი და ჩემი მასწავლებლების უმეტესობაც უკვე აცრილია.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203