„ისიც უნდათ, სახელმწიფომ უფასოდ უკეთოს ტესტები და არ უნდათ, რომ ნემსი გაიკეთონ“ - დირექტორები მასწავლებლების ფასიან კოვიდტესტირებაზე
19-08-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ სექტემბრიდან ორჯერადად აუცრელი ადამიანებისთვის ტესტირება ფასიანი გახდება. ეს გადაწყვეტილება პედაგოგებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებასაც შეეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:

იზოლდა ჭიჭინაძე, ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, ბოლოს და ბოლოს რამდენი შეუძლია სახელმწიფოსაც, უძირო ხომ არ არის მისი შესაძლებლობები? უფასო აცრას გვთავაზობენ და რატომაც არ უნდა ავიცრათ? მითუმეტეს, ბავშვებთან გვაქვს საქმე, ამიტომაც მათი და ჩვენი თავების დასაცავად უნდა ავიცრათ. ჩემი პედაგოგები ერთჯერადად უკვე აიცრნენ და ახლა მეორე დოზის მოლოდინში არიან. არიან ერთეულები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და ასაცრელად ჯერ 6 თვე არ გასულა, დანარჩენი ყველა აიცრება.

თემურ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი:

- გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, როგორ შეიძლება მასწავლებელს დამატებით კიდევ გადასახადი მოსთხოვო? ამ ძნელბედობის ჟამს მასწავლებელი და ექიმი უხელფასო გმირები არიან და კიდევ ფული უნდა მოსთხოვონ? რაღაც მიზეზის, თუნდაც ჯანმრთელობის გამო შეიძლება ზოგი პედაგოგი ვერ აიცრას. ამირან გამყრელიძე არ არის კანონმდებელი, ის არის კანონის აღმსრულებელი, როგორც ჩვენ ყველა. ტესტებში თანხის გადახდა მასწავლებლისთვის არ უნდა დაწესდეს!

მარეხ ქათამაძე, რევაზ მუმლაძის სახელობის, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

- აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მოგვსვლია, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ეს ინფორმაცია გაჟღერდა, რომ ტესტებში ფული უნდა გადავიხადოთ, თუმცა სამინისტროს ჯერ არანაირი ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია.

მერაბ ხოზრევანიძე, დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ინფორმაცია, რომელიც ფასიან ტესტებს შეეხება ჩემს თანამშრომლებს მივაწოდე და საქმის კურსში არიან. თუმცა ეს სწორად არ მიმაჩნია. მასწავლებლის ხელფასი ისედაც მცირეა. ზოგი ჯანმრთელობის გამო ვერ აიცრება და თანხის გადახდის საკითხი უკმაყოფილებას გამოიწვევს. ჩემს სკოლას რაც შეეხება, თითქმის ყველა აცრილია და სანამ სწავლა დაიწყება ყველა ვაქცინირებული იქნება.

კოტე გოგიაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ პედაგოგების 60% უკვე აცრილია, ზოგმა ახლახან გადაიტანა კოვიდი და ჯერ მათთვის ვაქცინაცია არ შეიძლება. ფასიან ტესტებს რაც შეეხება, მგონი სწორი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ.

ავთანდილ ძირკვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

- ფასიანი იქნება თუ არა კოვიდტესტები, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ადამიანს ცუდი აქვს და მაგიტომ ვერ იცრება, მათთვის სხვა საშუალება უნდა გამოინახოს, მაგრამ თუ კარგად არის, რატომაც არ უნდა აიცრას? როდესაც ყველა აიცრება ეს ძალიან კარგი იქნება. ნახევარი აიცრას და ნახევარი არა, მაშინ რაღა აზრი აქვს იმ ნახევრის აცრასაც?!

რამინ ბერიძე, თამარ ბარათაშვილის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- არ ვეთანხმები ფასიანი ტესტების შესახება ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სკოლის დაწყებამდე ყველა პედაგოგი აუცილებლად უნდა აიცრას. მე პირადად 17 მასწავლებელი მყავს და მათგან 10-ია ვაქცინირებული, სკოლის დაწყებამდე კი ყველანი სრულად იქნებიან აცრილნი.

ხათუნა კაპანაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია არ მომისმენია, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა როგორც ყველასთვის იქნება საკითხი დაყენებული, მასწავლებლებისთვისაც იგივენაირად უნდა იყოს. ჩემს სკოლაში მაგალითად სრულიად თანამშრომლების 60% უკვე აცრილია.

ფირუზ ვაშაყმაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემი აზრით, ფასიან ტესტებზე სახელმწიფოს გადაწყვეტილება მართებულია. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ჯანმრთელობა დაცული იყოს და ამიტომ სახელმწიფოს, მედმუშაკებს უნდა ვენდოთ. გაორებული აზრი არსებობს, ზოგი იძახის, ჩიპებს გვიკეთებენო, ზოგი კიდევ სხვას და ასე არ გამოვა... ყველაფერს აქვს ამოწურვადი რესურსი. ისიც უნდათ, სახელმწიფომ უფასოდ უკეთოს ტესტები და არ უნდათ, რომ ნემსი გაიკეთონ. მე აბსოლიტურად ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, თუ არ აიცრება მაშინ ფასიც უნდა გადაიხადონ. სახელმწიფო თვითონაც დახმარებებს იღებს და ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ. ჩემი კოლეგების 95% უკვე ვაქცინირებულია და 15 სექტემბრისთვის ყველანი აცრილები იქნებიან. იმედი მაქვს, სექტემბერში ვითარება არ გაუარესდება და სწავლას საკლასო ოთახებში დავიწყებთ.

გულნარა შაინიძე, ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასურველია, თუ ტესტების ფულს სახელმწიფო გადაიხდის. არის კატეგორია, რომელთაც ჯანრმთელობის მდგომარეობა არ აქვთ კარგი, ამიტომ ასეთები მემგონია, რომ დაზარალდებიან, თუმცა ისეთებიც არსებობენ ვისაც არაფერი პრობლემა არ აქვთ და ჯიუტობის გამო არ იცრებიან. ჩემი კოლექტივიდან რამდენიმეს გარდა ვაქცინაცია ყველამ გაიკეთა. ჩემი პირადი პოზიციით, ყველანი უნდა ავიცრათ, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალური გადასაწყვეტია.

ეკა ედიბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ამ გადაწყვეტილებას მე პირადად ვეთანხმები. სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა და თავისთავად ეს მარაგი ამოიწურა. ძალიან დიდ ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ბიუჯეტი როდემდე გასწვდებოდა? ჩემი პედაგოგიური კოლექტივი ასაცრელად მზად არის, რათა პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობა დავიცვათ და შემდეგ, მოსწავლეებს არ შევუქმნათ საფრთხე. დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ სახელმწიფოს ხელი.

ალექსანდრა მენთეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ამ გადაწყვეტილებას მე ვერ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია სასურველია, მაგრამ არიან ისეთები, ვინც რაიმე პათოლოგიის გამო ვერ აიცრება და სწორედ ასეთები იქნებიან დაზარალებულები, ვისაც საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ თანხის გადახდა. მე ერთჯერადად უკვე აცრილი ვარ და სკოლაშიც ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა გვყავს მასწავლებლები, რომლებიც პათოლოგიების გამო ვერ აიცრებიან.

ჯემალ ზოიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის,სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მასწავლებლებმა ტესტებში არ უნდა გადაიხადონ თანხა. ადრინდელ ძნელბედობას გაუძლეს პედაგოგებმა და სკოლა მთაშიც და ბარშიც შეინარჩუნეს ამიტომაც საკუთარი ხარჯით არ უნდა გაიკეთონ ტესტები. მასწავლებლის შრომა და ამაგი დასაფასებელია. მე პირადად 22 თანამშრომელი მყავს და მათგან პირველი დოზით ცამეტია ვაქცინირებული, სრულად კი ალბათ სექტემბერში აიცრებიან.

ციალა ჭაღალიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ამ საკითხთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, ისე სახელმწიფოს მასწავლებლების ტესტირება რომ ძვირი უჯდება ესეც ფაქტია. ჩემს სკოლაში ყველა მასწავლებელი უკვე მეორე დოზით იცრება. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს და აიცრან საკუთარი თავის და სხვების დასაცავად.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203