სკოლებში საათების განაწილებასთან დაკავშირებით პრობლემა იქმნება ხოლმე - ზოგ შემთხვევაში, მასწავლებლებს თავიანთ საგანში საათების რაოდენობა არ ჰყოფნით, რათა დანამატის აღება შეძლონ. ასევე, ხდება პირიქითაც, როდესაც კადრების დეფიციტია და ამის გამო რამდენიმე საგანს ერთი პედაგოგი ასწავლის. საათების გადანაწილებასა და სკოლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით Etaloni.ge საჯარო სკოლის დირექტორებს ესაუბრა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ სამსონია:
„სკოლაში კადრების დეფიციტი არ გვაქვს. ფაქტობრივად, ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია და ისინი თავიანთ საგნებს ასწავლიან. საათები კათედრებისა და ერთობლივი მუშაობის საფუძველზე ნაწილდება. პედაგოგებს საათების განაწილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ, რადგან პროცესი უშუალოდ მათი ჩართულობით მიმდინარეობს. ყველა პედაგოგი არ არის სრულად დატვირთული, მაგრამ ძირითადად, დანამატს თავიანთი საგნობრივი ჯგუფების შევსებით იღებენ. არის საგნები, მაგალითად საბუნებისმეტყველო, სადაც სრული განაკვეთი აქტიურად არ არის, რადგან ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და შესაბამისად, პარალელური კლასებიც არ გვყავს.“
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა კუხიანიძე:
„სკოლაში ოთხი საგნობრივი კათედრა ფუნქციონირებს, საათებიც სწორედ მათ მიერ ნაწილდება. კათედრის წევრები საათებს შესაბამისი საგნების მიხედვით ინაწილებენ. არ მახსენდება და არ ყოფილა შემთხვევა ჩემს სკოლაში საათების გადანაწილებაზე კონფლიქტი ყოფილიყოს. მით უმეტეს, 15 მასწავლებელი ვართ, აქედან 1 სპეცმასწავლებელია, უმრავლესობა - 65%, წამყვანი პედაგოგია და სრული დატვირთვით მუშაობენ. ამ მხრივ, მდგომარეობა მშვიდია და ასე ვისურვებდი რომ გაგრძელდეს მომავალშიც.“
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გრძელიშვილი:
„ჩვენთან ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ არის, საათებს კათედრა ანაწილებს. შემდეგ, რა თქმა უნდა, დირექტორს უთანხმდება. მასწავლებლები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ინაწილებენ საათებს. ამ წუთებში ჩვენ კადრებისა და საათების მხრივ, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს. თუ რაიმე პრობლემას წავაწყდებით, უკვე შემდეგ ხდება დირექტორთან ამის შეთანხმება და პრობლემის მოგვარება.“
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორი გრიშა აბაშიძე:
„ყველა საგნის სპეციალიტი გვყავს, კადრების დეფიციტი არ არის. ერთი-ორი პედაგოგია ისეთი, ვისაც სხვა საგნებით უწევს საათების შევსება, მაგრამ მონათესავე საგნებია და შეიძლება. კათედრაზე და პედსაბჭოზე განიხილება საათების განაწილების საკითხი და შემდეგ მტკიცდება.“
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ახალაძე:
„საათები საკმარისია, ყველა დატვირთულია. თავიანთ საგნებს ივსებენ და დანამატს ყველა იღებს, ვისაც კი გამოცდა ჩაბარებული აქვს. ჩვენს სკოლაში გამონაკლისია მხოლოდ რუსული ენა. 9 თუ 8 საათი აქვს, მაგრამ დანამატი მაინც ეძლევა. დანარჩენს ყველას თავიანთი სტატუსის მიხედვით ეძლევათ დანამატიც და განაკვეთს ვუვსებ მერე მონათესავე, მათივე ჯგუფის საგნებით.“
ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ელბაქიძე:
„ჩვენს სკოლაში ყოველ სექტემბერს, სწავლის დაწყების წინ კათედრები იკრიბებიან, საათებს ისინი ანაწილებენ, რასაც შემდგომ ჩვენ ვამტკიცებთ. ეს ამბავი ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ხდება. უმეტესობას დანამატი სრულად ეძლევა, მაგრამ არის ისეთი საგნები, მაგალითად როგორიცაა ფიზიკა და ქიმია, რომლებსაც ბევრი საათი არ აქვთ, თუმცა რაც აქვთ იმით კმაყოფილდებიან.“
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბოლქვაძე:
„სკოლაში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. არც საათების გადანაწილების და არც კადრების პრობლემა არ გვაქვს. საათები საკმაოდ არის და პედაგოგებს გადანაწილებული აქვთ. ადრე იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ, მაგრამ უკვე 2 წელია, რაც სერტიფიცირებული პედაგოგები გვყავს, საათებიც გადანაწილდა და ეს პრობლემაც მოგვარებულია.“
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი ადეიშვილი:
„ჩვენს სკოლაში პედაგოგებს საათების სიმცირე არ აქვს. მათ 23, 25, 26 საათი აქვთ. ამაზე გული არავის არ ეთანაღრება. კათედრებზე ნაწილდება და თუ ვინმეს ერთით მეტი აქვს, შეთანხმებული აქვთ ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ნორმალური ხელფასები აქვთ და ჩემი მასწავლებლებიც კარგად მუშაობენ. 4 წამყვანი და 7 უფროსი მასწავლებელი გვყავს, სულ კი 15 ვართ. თავიანთი საათების რაოდენობა იმდენია, რომ სხვა საგნის საათების დამატება აღარ სჭირდებათ. თავზესაყრელადაა საათები და ყველას აქვს დანამატი. ძალიან კარგად და მეგობრულად ჭრიან საათების გადანაწილების საკითხს. ერთი და ორი საათის გამო არასოდეს არ არის კამათი.“
ქუთაისის N28 საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ჩუბინიძე:
„ჩვენს სკოლაში კონფლიქტები, ფაქტობრივად, არ ხდება, რადგან მცირეკონტინგენტიანი ვართ და მეტ-ნაკლებად ყველას აქვს საკმარისი საათები. ყველას ნამდვილად არ აქვს 15 საათი რომ კმაყოფილი იყო, თუმცა უმეტესობას აქვს 15 საათი და სამწუხაროდ, ეროვნული სასწავლო გეგმიდან და საათების რაოდენობიდან გამომდინარე, ყველას დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. უცხო ენის პედაგოგებს ისედაც შეუძლიათ ნებისმიერი საათობრივი რაოდენობის შემთხვევაში, სერტიფიცირების დანამატის აღება, რაც ძალიან კარგია, თუმცა ცოტა საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები მეჩაგრებიან.“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე:
„ყველა მასწავლებელს ჰყოფნის თავისი საგნის საათი იმისთვის, რომ დანამატიც ჰქონდეს. ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია. საათებს კათედრა და სასწავლო ნაწილი ანაწილებენ. ადრე უფრო იყო გაუგებრობები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ვითარება დალაგდა, მოწესრიგდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე სწორედ ასეა.“