25 000-ზე მეტი მასწავლებელი აცრილია - სტატისტიკა და დეტალები
21-08-2021

დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, პედაგოგებს სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2020-2021 სასწავლო წელს სკოლებში სულ 62 699 პედაგოგი იყო დასაქმებული. აქედან გამომდინარე თუ ვივარაუდებთ, დღეის მდგომარეობით 25 000-ზე მეტი მასწავლებელი უკვე აცრილია.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში პედაგოგებისთვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები.

სკოლის დირექტორები აცრის მსურველი მასწავლებლების შესახებ ინფორმაციას რესურსცენტრებს გადასცემენ, სიებში მითითებული უნდა იყოს პედაგოგის სახელი, გვარი და  სასურველი პრეპარატი, რომლითაც სურს აცრა.

უნდა აღინიშნოს, რომ აცრილ მასწავლებელთა რაოდენობის ზრდა COVID-19 ვაქცინაციის შესახებ გამართულმა საინფორმაციო შეხვედრებმაც გამოიწვია. სხვადასხვა რეგიონში მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები ხვდებიან და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრებიან. პედაგოგთა დიდი ნაწილი კითხვებზე ამომწურავი პასუხის შემდეგ უყოყმანოდ იცრება.

შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არის ორგანიზებული და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ტარდება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ნებისმიერ პედაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203