სკოლებში ბოლო 10 წელიწადში პედაგოგების რაოდენობა 17192-ით შემცირდა. მოგეხსენებათ, მასწავლებლის პროფესიაში ბევრი სიახლე დაინერგა. ტარდება გამოცდები, რომლებიც პედაგოგების საგნობრივ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ამოწმებს. თავდაპირველად, გამოცდის გადასალახად ზღვარი ყველასთვის ერთი იყო 60%+1 ქულა, თუმცა კრედიტების დაგროვების შემოღებამ მასწავლებლებისთვის გამოცდაზე მიღებული სხვადასხვა შედეგიც მისაღები გახადა.
მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები პირველად 2010 წელს ჩატარდა. პედაგოგთა ნაწილმა გამოცდაზე გასვლაზეც კი უარი განაცხადა და სკოლა დატოვა. ნაწილმა კი გამოცდაში ჩაჭრის შემდეგ თქვა უარი მასწავლებლად მუშაობაზე.
სტატისტიკურად, 2009-2010 სასწავლო წელს სკოლებში 79 891 პედაგოგი მუშაობდა, აქედან ქალი 68 587 იყო, კაცი კი - 11 304. პედაგოგთა გამოცდების დაწყებისთანავე რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისას სკოლებში 63 512 მასწავლებელი იყო. ანუ 16 379-ით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს, გამოცდებამდე. 16 000-ზე მეტი ადამიანი მასწავლებლის პროფესიიდან გავიდა.
თავდაპირველად, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტები ისე იყო შედგენილი, რომ საგნობრივთან ერთად, პედაგოგების მეთოდურ ცოდნასაც ამოწმებდა, ანუ როგორ ფლობდნენ მასწავლებლები საგნის სწავლების მეთოდებს. პროფესიული უნარების გამოცდა კი პედაგოგებს პროფესიულ სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვდა, ტესტები შედგენილი იყო ცნობილი ფსიქოლოგების თეორიების მიხედვით. მასწავლებელს მოეთხოვებოდა, დაემტკიცებინა, რომ ის ფლობდა მოსწავლის ასაკობრივი განვითარებისთვის საჭირო ცოდნასა და მიდგომებს.
დროთა განმავლობაში საგამოცდო ტესტები შეიცვალა და „დღეს პედაგოგები უმარტივეს ტესტებს აბარებენ, ეს არის ზღაპარი, რომელსაც კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეც კი ჩააბარებს“, - ასე აფასებენ მასწავლებელთა გამოცდებს ის პედაგოგები, რომლებმაც საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდა 2014 წლამდე ჩააბარეს.
2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში საჯარო და კერძო სკოლებში 62 699 პედაგოგი მუშაობდა, რომელთაგანაც 54 685 ქალია, 8 014 კი - კაცი. 62 699-დან 55 491 საჯარო სკოლის მასწავლებელია, 7 208 კი - კერძოსი.
თუ 2009-2010 სასწავლო წელს, გამოცდების დანერგვამდე, სკოლებში 79 891 პედაგოგი იყო, დღეს ეს რიცხვი 17 192-ით ნაკლებია. აქვე, უნდა ითქვას, რომ 2019-2020 სასწავლო წელს, საპენსიო ჯილდოს სანაცვლოს, 8000-ზე მეტი მასწავლებელი სკოლიდან წავიდა. ისინი ახალმა კადრებმა ჩაანაცვლეს და პედაგოგთა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. 2019-2020 წელს სკოლაში 63 780 მასწავლებელი იყო დასაქმებული, დღეის მდგომარეობით კი შეგახსენებთ, რომ ეს რიცხვია 62 699.