პედაგოგთა შვებულება დასასრულს უახლოვდება, მასწავლებლები სკოლაში არაუგვიანეს 2 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ. მათთვის ანაზღაურებადი შვებულება ივლისიდან დაიწყო.
პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით არის განსაზღვრული. შესაბამის ანაზღაურებას კი მასწავლებლები შვებულებაში გასვლის წინ იღებენ.
მასწავლებელთა შვებულებაში გასვლის ან დაბრუნების დრო ცალკეულ შემთხვევებში იცვლება (მაგალითად, ექსტერნის გამოცდები, საშემოდგომო გამოცდები და ა.შ.) დირექტორმა განსხვავებული საშვებულებო ვადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა დაადგინოს.
წლების წინ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით ეძლეოდათ. ეს ჩანაწერი ბუნდოვანი იყო და დირექტორის ნებაზე იყო დამოკიდებული, მასწავლებელი 24 სამუშაო დღეს დაისვენებდა თუ 40-ს.
მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების უფლება აქვს დასაქმებიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
რაც შეეხება ანაზღაურების გარეშე შვებულებას, მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანაზღაურების გარეშე შვებულება ეძლევა წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარული დღისა.