„არც ერთი პროცენტი ფილტვის დაზიანება, დიახ, ვაქცინა გვიცავს“ - მაია კობახიძე
22-08-2021

მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელი მაია კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის კოვიდინფიცირებულია და სხვებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. მაია კობახიძე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია და ყვება, თუ როგორი სიმპტომები ჰქონდა კორონავირუსის დადასტურების შემდეგ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ექიმთა ნაწილი გულგრილია საკუთარი პროფესიის მიმართ.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით, გაფერმკრთალებული, კოვიდთან ბრძოლაში ძალადაკარგული, მაგრამ თქვენი ყურადღებით განებივრებული. მე-11 დღე გავიარე, მეგობრებისა და ახლობლების საოცნებო სიყვარულის გარემოცვაში. დიდი მადლობა ყველას! დიახ, დავამარცხე კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რითმს. თქვენ მაძლიერებდით! ახლა მეტად ვგრძნობ მორალურ ვალდებულებას და ადამიანურ პასუხისმგებლობას, მოგიწოდოთ, ვაქცინა გვიცავს.

ვეცდები ლაკონურად აგიხსნათ ყველაფერი, ვიყო გულწრფელი და თანმიმდევრული.

მე-6 დღეს ჩავიტარე სისხლის და ფილტვების კვლევა, რომლის პასუხი მივიღე მე-8 დღეს: „არცერთი პროცენტი ფილტვის დაზიანება და არანაირი ცვლილებები სისხლის ანალიზებში“. კვლევის შედეგები ისეთი იყო, რომ თუ არა ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ეჭვიც კი შემეპარებოდა, ვარ თუ არა კოვიდდადებითი. დიახ, ვაქცინა გვიცავს.

სოციალურ ქსელებში ვკითხულობ ანტივაქსერების ან სკეპტიკოსების სტატუსებს და კომენტარებს, სადაც ძირითადად ერთი შეკითხვა გაისმის: „ვაქცინირებულები რატომ ინფიცირდებიან?“. ჩემხელთარსებული ინფორმაციით, დიახ, დელტა შტამით დაინფიცირების წინააღმდეგ ვაქცინას არ აქვს მაღალი დაცულობა, მაგრამ ჩემი მაგალითიც საკმარისია იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რა დაცულობას ქმნის აცრა დაინფიცირების შემდეგ. მინდა გულწრფელად გითხრათ, მაქვს ძალიან დაბალი იმუნიტეტი, სუსტი ფილტვები და ბრონქები. ყოველ ჯერზე, 3-4 დღიან ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს, ვაგრძელებ 2-კვირიანი, პნევმონიის წინააღმდეგ მკურნალობით, 40-41 გრადუსი ტემპერატურის ფონზე. და ალბათ, აცრილი რომ არ ვყოფილიყავი, ვერ დავამარცხებდი კოვიდს.

მეგობრების და ახლობლების ყურადღება იდეალურად მოქმედებს კოვიდპაციენტის ფსიქიკაზე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ექიმის იმედი, მორალური თანადგომა და პროფესიონალიზმი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა მზარდია, რაც მეტ შიშს და უიმედობას ქმნის მოსახლეობაში. ამას ემატება ზოგიერთი ექიმის უპასუხისმგებლობა, რის გამოც ბევრ შემთხვევებში კოვიდპაციენტები უპატრონოდ, ალალ ბედზე არიან მიტოვებულნი. ერთადერთი იმედი ჯანდაცვის ცხელი ხაზია 1505 და მონიტორინგის სამსახური, რომელთა დახმარებითაც ხდება შესაძლებელი ექიმთან კომუნიკაცია. საგანგაშოა, რომ ჩვენს ქვეყანაში, როგორი ექიმი შეგხვდება იღბალზეა დამოკიდებული. გვყავს საამაყო ექიმებიც, რომელთაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში იდეალური გამოსავალი მოძებნეს, დროის სწორი მენეჯმენტით, ორგანიზებულობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. და ა.შ. ზოგიერთ ექიმს შექმნილი აქვს კოვიდპაციენტების ჯგუფები, სოციალურ ქსელებში, მათთან სწრაფი და ინტენსიური კომუნიკაციისათვის. ზოგიერთი ექიმი, კი საერთოდ არ გრძნობს პასუხისმგებლობას ავადმყოფების წინაშე და აცხადებს, რომ კოლაფსია, ვერ ახერხებს ამდენი პაციენტის მომსახურეობას.

სად არის პროფესიისადმი სიყვარული? თანამოქალაქეების სიბრალული და მათი სიცოცხლისადმი პასუხისმგებლობა? არ მინდოდა ამ აზრთან შეგუება და ერთი მარტივი გამოთვლა ჩავატარე: დავუშვათ ერთ ექიმს ჰყავს 50 კოვიდპაციენტი (ეჭვი მეპარება ამდენი ჰყავდეს). 8 საათიანი სამუშაო დღე არის 480 წუთი. 480 : 50 = 9,6 წუთს. ექიმი, ყოველდღე, თითო პაციენტს რომ გაესაუბროს მაქსიმუმ 5 წუთი, გააძლიეროს ის სულიერად, ჩაუსახოს სიცოცხლის იმედი, მოისმინოს ჩივილები და მისცეს რეკომენდაციები, დასჭირდება ჯამში 250 წთ (5წთ გამრავლებული 50 პაციენტზე). სრული სამუშაო დღის 480 წთ -ს გამოვაკლოთ პაციენტებთან 5-წუთიანი საუბრების 250 წთ, და ექიმს რჩება 230 წთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, კვლევების პასუხების გასააზრებლად, მძიმე პაციენტების დანიშნულებისთვის. ეს კი არის დაახლოვებით 3 საათი და 40 წუთი. უსიმპტომო პაციენტებთან თუ დღეგამოშვებით ისაუბრებს, მაშინ ექიმს თავზესაყარი დრო აქვს.

რას მივაწეროთ ზოგიერთი ექიმის, რბილად რომ ვთქვათ, დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა? კაცთმოძულეობაა? რატომ? კოვიდიანი ბევრი ახლობლისგან მივიღე საგანგაშო ინფორმაცია: თუ ექიმმა დაურეკა პირველ დღეს, შემდეგი კომუნიკაცია მე-6 ან მე-8 დღეს აქვს. ეს ხომ ადამიანის სიცოცხლესთან თამაშია. ფილტვის დაზიანების შემთხვევაში ყოველ საათში მატულობს დაზიანების ქულები. რას აკეთებს ამ დროს ექიმი? „ვინც ძლიერია გადარჩეს და ვინც სუსტია დაიღუპოს?“ როგორ მოიქცეს კოვიდ ინფიცირებული, რომელიც გრძნობს განწირულია? 6-7 დღის განმავლობაში, კოვიდ ექიმისგან შემოსულ ერთადერთ ნომერზე რეკავ და ისმენ პასუხს: „ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული“! რა ცინიზმია?! ზოგიერთმა ექიმმა უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა და პაციენტის ზარმა რომ არ შეაწუხოს, პირად საკონტაქტო ნომერს მალავს.

კოვიდპაციენტების დიდმა უმრავლესობამ არ იცის, რომ თუ ექიმი არ უკავშირდება, ჯანდაცვის გადატვირთულ ცხელ ხაზს უნდა გადასცეს (1505) ინფორმაცია, მხოლოდ ეს არის ხსნა!

ჩემო მეგობრებო, ვებრძოდი კოვიდს და პერიოდულად მიპყრობდა შიში, „რომ გავიგუდო?“ „ნეტავ მოვასწრებ დარეკვას?“ ამ დროს ჩემი იმედი იყო ჩემი მამიდაშვილი, ქეთი ბოჭორიშვილი, სასწრაფო დახმარების პროფესიონალი ექიმი და ყველასთვის გულისხმიერი პიროვნება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჯი-პი-აი ჰოლდინგის ოჯახის ექიმს ირმა არახამიას, რომლის საკონტაქტო ნომერი ფსიქოლოგიურად მაძლიერებდა.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური ვითარების გამო და ვერაგი, უხილავი, მკვლელი ვირუსის დამარცხებისათვის, მოგიწოდებთ, აიცერით! გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას. დაიცავით თქვენი და თანამოქალაქეების სიცოცხლე!“ - წერს მაია კობახიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203