ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე“.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიღებული შედეგების საფუძველზე, უარი უთხრას მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით, ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას.
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას.
მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.
მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დადგინდება, რომ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის სურვილი მიმდინარე კალენდარული კვირის განმავლობაში გამოთქვა 50-მა ან მეტმა მოსწავლემ, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოსწავლეთა მობილობის განხორციელება, რისთვისაც წერილს თან უნდა დაურთოს მობილობის მსურველი მოსწავლეების სახელობითი სია (ელექტრონული სახით), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობა, რომლიდანაც გადადიან მოსწავლეები და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანება, ასევე – მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება.