ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ ზოგან გადაწყვიტეს COVID-19-ზე მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის სავალდებულო აცრა, მათ შორის, ექიმების, სოციალური სფეროს წარმომადგენლებისა და მასწავლებლების.
საინტერესოა თუ როგორ უდგებიან სხვადასხვა ქვეყნებში პედაგოგების ვაქცინაციის საკითხს?
აშშ
კალიფორნია აშშ-ს პირველი შტატია, სადაც მასწავლებლებისა და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე აცრა ან რეგულარული ტესტირება სავალდებულო გახდა.
როგორც შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, შტატის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელი კორონავირუსზე უნდა აიცრას ან კოველკვირეულად ვირუსზე ანალიზი უნდა ჩააბაროს.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს, ნიუსომმა სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვისაც, ამასთან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა აცრა რეგულარული ანალიზით ჩაანაცვლონ.
იხილეთ სრულად - კალიფორნია აშშ-ს პირველი შტატია, სადაც მასწავლებლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდა ვაშინგტონის შტატის სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ყველა თანამშრომლისთვის. შტატის გუბერნატორის, ჯეი ინსლის თქმით, სავალდებულო სრული ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია 18 ოქტომბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ.
სასწავლო წლის დაწყებამდე აცრა დაავალდებულეს ნიუ-იორკის მასწავლებლებსაც. ამჟამად, ვაქცინის პირველი დოზა ქალაქის პედაგოგების დაახლოებით 60%-მა და მოზარდების 43%-მა გაიკეთა.
ქალაქის ხელისუფლებამ ახლახან გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ აცრა ან რეგულარული ტესტირება კორონავირუსზე.
ტულეინის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტი და დოქტორი სიუზენ ე.ჰასიგნი ირწმუნება, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ან ტესტირების დანერგვა, სკოლებისთვის რთული იქნება, მაგრამ სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება გონივრულია.
გარდა ამისა, ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტმა გადაწყვიტა სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალისთვის ნიღბების ტარების რეგულაცია შეინარჩუნოს. ასევე თითოეულ კლასში ვენტილაციის გასაუმჯობესებლად ჰაერის ორი გამწმენდი განთავსდება.
ისრაელი
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი აცრა 12 წლიდან არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მოსახლეობის 60%-მა ჩაიტარა, მთავრობა „დელტა“ შტამის გამო ვირუსის აფეთქების შესახებ იტყობინება.
ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დამსაქმებლებს მოუწოდებენ თანამშრომლები ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნონ.
პანდემიის დასაწყისში ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველებმა მისცა მასწავლებლებს ვაქცინაციის შესაძლებლობა. სკოლები ოპერატიულად ამზადებდნენ აცრის მსურველთა სიებს, რაც პედაგოგებს დაეხმარა უფრო სწრაფად აცრილიყვნენ.
ივლისის ბოლოს ისრაელში „მწვანე პასპორტი“ შემოიღეს - ეს არის დოკუმენტი, რომელიც ვაქცინირებულებს და კოვიდგადატანილებს განსაზღვრული ადგილებისა და ღონისძიებების სტუმრობის უფლებას აძლევს. 8 აგვისტოდან ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა. 20 აგვისტოდან კი 12 წლამდე ასაკის ბავშვებსაც უწევთ კორორონავირუსზე ტესტის ჩაბარება, რომლის გაკეთება უფასოა.
„მწვანე პასპორტის“ წესები ეხება არა მხოლოდ ღონისძიებების, რესტორნების, სპორტდარბაზებისა და კინოთეატრების სტუმრობას. „მწვანე პასპორტის“ მოქმედება ვრცელდება სკოლებზეც. ანუ ისეთი პროფესიის წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არიან - მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია. ამასთან, აუცრელ მასწავლებლებს ყოველ 72 საათში სავალდებულო ტესტის ჩაბარება უწევთ.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი ისრაელში 1-ელ სექტემბერს დაიწყება. დღეისთვის სკოლის შენობებში პირბადის ტარება სავალდებულოა, ასევე, ძალაში რჩება საკარანტინო სისტემა: თუ კლასში ერთ-ერთი მასწავლებელი ან მოსწავლე დასნებოვნებულია, 2 კვირის განმავლობაში მთელი კლასი თვითიზოლაციაში გადადის, ან ერთი კვირთ - თუ ზედიზედ ორმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
საფრანგეთი
საფრანგეთში მასწავლებლების 80%-ზე ცოტა მეტი უკვე აიცრა. ქვეყანაში სწავლის საკლასო ოთახებში გასაახლებლად შემუშავებულია ოთხი სცენარი, რომლებითაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ. პირველი სცენარით, რომელიც მწვანე დონეს გულისხმობს მოსწავლეებს შეუძლიათ დამცავი ნიღბებიც არ ატარონ, ამავე დროს პირბადე აუცილებელია ყვითელ და სხვა დონეებზე. წითელი და ნარინჯისფერი დონეები ითვალისწინებენ ონლაინ სწავლებას ნახევარი კლასისთვის და ფიზიკურ დასწრებას მეორე ნახევრისთვის, შემდეგ ჯგუფები იცვლება.
ასევე საფრანგეთში ახალი წესი გაჩნდა, ახალი სასწავლო წლიდან აცრილი მოსწავლეები შეძლებენ სკოლაში დარჩენას, თუ მათ კლასში COVID-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა. სამაგიეროდ, აუცრელმა მოსწავლეებმა სწავლა დისტანციურად უნდა გააგრძელონ. სიახლე მოსწავლეებს 12 წელიდან ეხებათ. მშობლების თანხმობით, კი მოსწავლეები ვაქცინის გაკეთება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებულ ცენტრებში შეძლებენ.
შენობაში ყველა მასწავლებელმა და სკოლის სხვა თანამშრომელმა უნდა ატაროს პირბადე, ნარინჯისფერ და წითელ ზონებში კი - ქუჩაშიც.
იხილეთ ასევე: სკოლაში დაბრუნების რა წესები დააწესეს ევროპულმა ქვეყნებმა?
ფინეთი
ფინეთში სასწავლო წელი ჩვეულ ფორმატში იწყება, მაგრამ სკოლები მზად უნდა იყვნენ გადავიდნენ შერეულ და დისტანციურ სწავლებაზე, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება.
ვაქცინაცია ქვეყანაში ნებაყოფლობითია და ადამიანები 16 წლიდან იცრებიან. ფინელი მასწავლებლების პროფკავშირმა ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისში მთავრობას თხოვნით მიმართა - მასწავლებლები აცრისას პრიორიტეტულ ჯგუფში ყოფილიყვნენ.
დღეისთვის, აუცრელი 10 000 ფინელი მასწავლებელი რჩება. ეს პედაგოგების დაახლოებით 50%-ია. მთავრობაში გრძელდება განხილვა - როგორ უნდა იმუშაონ აუცრელმა მასწავლებლებმა, რამდენად ხშირად და რეგულარულად უნდა ჩააბარონ PCR ტესტი. დღეისთვის ტესტის ჩატარება უფასოა.
გერმანია
ამჟამად გერმანიაში სასწავლო წლის დაწყების წინ საბავშვო ბაღებისა და სკოლების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას განიხილავენ.