მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება. აპელაცია მას შემდეგ გამოცხადდება, როდესაც ყველა საგნის ქულა ცნობილი იქნება. პედაგოგები, რომლებსაც დაწესებული მინიმალური ზღვარის გადასალახად 1 ან 2 ქულა დააკლდათ, ფიქრობენ, რომ შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს აპელაციას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიღებულ შედეგებთან ერთად სწორ პასუხებსაც აქვეყნებს. მათ, ვინც გამოცდა ჩააბარა, საკუთარი ნამუშევრის ნახვა შეუძლიათ, რაც საშუალებას იძლევა, გადაამოწმონ თითოეული შეფასებული დავალება.
გარდა ტესტური დავალებებისა, გამოცდაზე არის ისეთი საკითხები, რომლებიც მსჯელობას და ანალიზს მოითხოვს. ისინი ინდივიდუალურად სწორდება, შეფასების კრიტერიუმები კი ყველა მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომია.
როდესაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდების ყველა შედეგს დადებს, სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.
საგნის არჩევის შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება. თუ თქვენი ნაშრომი შეამოწმეთ შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ასევე თუ ნახეთ, რომ ტესტურ ნაწილში არასასურველი ქულით გაქვთ შეფასებული სწორი პასუხი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ კონკრეტული დავალება. თუ გსურთ, რომ ხელახლა შემოწმდეს თქვენი ნაშრომი, მაშინ აირჩიეთ ყველა დავალება.
ყოველ წელს, მასწავლებელთა გამოცდების აპელაციისას, შედეგები ასეულობით პედაგოგს და მასწავლებლობის მსურველს ეცვლება.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდების შეფასების კრიტერიუმები გამოქვეყნდა - როგორ ფასდება პედაგოგის ნაშრომი?