საქართველოში გართულებული ეპიდვითრების გამო, სავარაუდოდ, სწავლა საკლასო აუდიტორიებში არ აღდგება და მოსწავლეებს განათლების მიღება ისევ დისტანციურ რეჟიმში მოუწევთ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ისინი სწავლების საკლასო აუდიტორიებში დაწყების რეკომენდაციას იქამდე ვერ გასცემენ, სანამ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი არ იქნება. დღესათვის კი ეს მაჩვებელი საშუალოდ, 10%-ის ფარგლებში მერყეობს. რა რეკომენდაციებს გასცემენ სკოლის დირექტორები მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის თუ სწავლა ონლაინ განახლდა, ამ საკითხით Etaloni.ge დაინტერესდა. კითხვით სხვადასხვა სკოლის დირექტორს მივმართეთ.
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კაკაბაძე:
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა შვილებს ყურადღება მიაქციონ კიბერუსაფრთხოების დაცვის კუთხით, რათა მოსწავლის პერსონალური ინფორმაცია დაცული იყოს და ელექტრონული სწავლების დროს ამგვარი ინფორმაციის გაჟონვა არ მოხდეს. პაროლები და სხვა მონაცემები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა ადამიანებისთვის. ბავშვებმა იციან ზოგჯერ მეორე მოსწავლისთვის თქმა, რომ ჩემი პაროლით შედი, ჩემი სახელით შედი, რაც, ჩემი აზრით, ყოვლად დაუშვებელია და მშობლებმა ამას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ. ასევე, მოსწავლეები ძირითადად ელექტრონულ ჟურნალებში შეფასდებიან და მშობლებს ვურჩევ დარეგისტრირდნენ, რათა ყოველ დღე ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ თავიანთი შვილები და რა ნიშნებით ფასდებიან. კიდევ ერთი რჩევა იქნება, რომ მშობლებმა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მოსწავლეებს რომ გაკვეთილებს დაესწრონ. მაგალითად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ერთი კომპიუტერი ან ერთი ტელეფონია, რითაც შეიძლება მშობელი სარგებლობდეს. უნდა ეცადონ, რომ ეს ტექნიკა ბავშვისთვის იყოს და ოჯახის დანარჩენმა წევრებმა, ამ მხრივ, თავი შეიზღუდონ. ასევე კარგი იქნება, თუ ბავშვებს ელექტრონულად ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარებიან. მოსწავლის მოტივაციასაც ამაღლებს და სახალისოა, როდესაც მას სწავლის პროცესში მშობელი გვერდით უდგას.“
ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა:
„ონლაინ რეჟიმში სწავლის დაწყება მაინცდამაინც მისასალმებელი არ არის არც მასწავლებლებისა და არც მშობლებისათვის. სასწავლო პროცესი რომ საინტერესო გახდეს, პედაგოგებს ვურჩევდი ბევრი ელექტრონული რესურსი გამოიყენონ. ელექტრონული მასალა სლაიდებისა და პრეზენტაციების სახით მზადდება. ცოდნა შეიძლება ელექტრონულად ისე გადაეცეს, რომ თამაშით და ხალისით ვასწავლოთ უფრო დაბალი კლასების მოსწავლეებს. უამრავი რესურსია, რითაც გაკვეთილის გამდიდრება შეგვიძლია. აუცილებელია, რომ მშობლებმა ბავშვები მაქსიმალურად გააკონტროლონ, როდესაც ისინი კომპიუტერთან სხედან, რადგან ხშირად ხდება ხოლმე რომ ბავშვები ამბობენ ინტერნეტი გაითიშა, ეშმაკობენ. განსაკუთრებით დაბალ კლასებში იციან ასე მოქცევა. თითქოს ინტერნეტმა „გაჭედა“, ამიტომ მათ მშობლისგან მაქსიმალური გვერდით დგომა სჭირდებათ. გვქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვს გაკვეთილზე მშობელიც უზის და მოსწავლესთან ერთად, მის მშობელსაც ვასწავლით. ძალიან კმაყოფილებიც არიან, რადგან თვითონ ხომ გაიგებენ კარგად და თუ ბავშვს გაუჭირდა ონლაინ-რეჟიმში მასალის გაგება და მშობელმა უკეთ აღიქვა, შვილებს ეხმარებიან. ამიტომაც სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხურციძე:
„ბევრ სოციალურად დაუცველ ოჯახს ძალიან უჭირს, ინტერნეტი არ აქვთ, ტექნიკა არ აქვთ. ყველა სოციალურად დაუცველი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გაკვეთილებზე მეტად დასწრების შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან ყველა მშობელი დაკავშირებული იქნება. ოჯახს გადაეცემა მოსწავლეთა ცხრილი. როდესაც გაკვეთილის დრო მოვა, სასურველია, მშობლებმა მიაქციონ ყურადღება მათი შვილი ესწრება თუ არა გაკვეთილის მსვლელობას. უნდა გააკონტროლონ და ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვონ, რადგან ბავშვმა შეიძლება ინტერნეტი გათიშოს და თქვას, რომ დაკავშირების პრობლემაა. კარგ მოსწავლეს ალბათ არ დასჭირდება ამდენი ყურადღება, რადგან ის არ გათიშავს. ვინც ზარმაცობს იმათ სჭირდებათ გაკონტროლება. მშობლებმა იციან რა დროს დაიწყება და დამთავრდება გაკვეთილი და უნდა შეხედონ შვილს აქვს თუ არა ჩართული ინტერნეტი და არის თუ არა გაკვეთილზე.“
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ბუიძე:
„მასწავლებლები ყველაფრისთვის მზად არიან. მშობლებმა თავიანთი შვილები სახლში უნდა გააჩერონ, მაგრამ კომპიუტერები რომ არ აქვთ ჩვენს სოფელში რა უნდა ვქნათ? ამ მხრივ, ძალიან უჭირთ, ტელეფონები აქვთ, მაგრამ ზოგს 3 ბავშვი ჰყავს და მაინც უჭირს გაკვეთილზე ჩართვა. სამივეს რომ ერთდროულად ექნება გაკვეთილი რა უნდა ქნას ოჯახმა და მშობელმა. ამიტომაც, ერთი ერთვება და დანარჩენები ისე რჩებიან. ბავშვებს ვურჩევ, რომ აუცილებლად უპასუხონ მასწავლებლის ზარს და გაკვეთილზე ჩაერთონ. ზოგიერთ მშობელს შვილების დახმარება არ შეუძლია. ამ შემთხვევაში, ბავშვსაც და მასწავლებელსაც უჭირს. ჩვენ ძალიან ხშირად ვტოვებთ ხოლმე ბავშვებს ინდივიდუალურად, რათა გაკვეთილზე რასაც ვერ გაიგებენ, ხელახლა რომ ავუხსნათ. კომპიუტერითა და ონლაინ რეჟიმით, მშობლის დასწრებისას მოსწავლეს შეკითხვის დასმაც ერიდება. მშობელი მთელი დღე ვერც დაუჯდება შვილს, ისინი სამუშაოდ არიან გასულები. ზოგის დედ-მამა თურქეთშია წასული სამუშაოდ. ჩვენ ასეთი ოჯახების ბავშვებს დამატებით ვეხმარებით. ჩემი რჩევაა, ეცადონ მაქსიმალურად დაესწრონ გაკვეთილებს და პედაგოგისთვის შეკითხვების დასმის არ მოერიდოთ, რათა მინიმალური მასალა მაინც აითვისონ“
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბობოხიძე:
„ჩვენს სოფელში არ არის მოწესრგებული ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის საკითხი. პედაგოგები უზრუნველყოფილი არიან, მაგრამ მოსწავლეებს აქვთ პრობლემა ამ მხრივ. მათ ვურჩევ, რომ მიუხედავად ამ პრობლემისა, შეეცადონ აქტიურად დაესწრონ გაკვეთილებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებმა დასწრება შეძლონ. საკუთარი თანხებით ინტერნეტსაც ვურიცხავთ, ამის არაერთი შემთხვევა გვქონია. ჩუმად ჩამირიცხავს მოსწავლისთვის ანგარიშზე, გაკვეთილზე რომ შემოსულიყო და ასე იქცევიან ჩემი სკოლის პედაგოგებიც.“
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი:
„თუ სწავლა დისტანციურად განახლდება, კარგი იქნება, რომ მშობლების ჩართულობა მეტი იყოს. თუმცა უნდა გადაწყვიტონ და ვაქცინაციაზეც იფიქრონ, ეს საკითხი ყველსათვის მტკივნეული და მოსაგვარებელია. მშობელმა დისტანციურად სწავლების დროს მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას“
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი:
„მშობელმა წინასწარ უნდა გათვალოს რა საჭიროებები ექნება თავის შვილს ინტერნეტთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა ჰყავდეს თუნდაც ერთი კომპიუტერით. აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. თავიანთ შემოსავლებში უნდა გათვალონ ეს. მოსწავლეებს რაც შეეხებათ, მასწავლებლები აქტიურად არიან თიმსის პროგრამაში ჩართულები, ჯგუფები დღესაც განახლებულია და არანაირი შეფერხება არ გვაქვს. პაროლებიც თითოეულს აქვს, ყველა მოსწავლის კლასის დამრიგებელი თუ საგნის მასწავლებელი დაინტერესებული და მობილიზებულია. მოსწავლეები კი კონტაქტზე უნდა იყვნენ და დროულად უნდა შემოდიოდნენ თიმსში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან კი თავს არ დავზოგავთ.“