„ერთსა და იმავე ბავშვს ღუმელთან ახლოს ჯდომა ხშირად არ მოუწევს“ - ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში ორიგინალური გამოსავალი იპოვეს
ლენტეხის N1 საჯარო სკოლა შეშის ღუმელით თბება. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთა შვილებიც ღუმელიდან მოშორებით სხედან და ასე ვთქვათ, არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, სკოლას პრეტენზიით მიმართეს. სკოლამ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ორიგინალური გამოსავალი იპოვა.
ამის შესახებ Etaloni.ge-ს ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო ჯანხოთელმა უამბო:„მშობლები პრეტენზიებით მოგვმართავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე ბავშვები ისხდნენ ღუმელთან. ეს საკითხი დაწყებით კლასებში იდგა. მასწავლებლებმა ასეთი გამოსავალი იპოვეს - დემოკრატიულობის პრინციპი დაცული რომ იყოს, ატარებენ კენჭისყრას, მერხები დანომრილია და ვისაც რა ნომერი მერხი შეხვდება, იმ მერხზე ჯდება. შესაბამისად, ხშირად არ მოუწევს ერთსა და იმავე ბავშვს ღუმელთან ახლოს ჯდომა.“
პრობლემის ორიგინალურად გადაჭრის შემდეგ მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან პრეტენზიები ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ყოფილა.