სკოლებს სამინისტრო კომპიუტერებს გადასცემს, რომლებიც საგნობრივ კაბინეტებში განთავსდება
05-09-2021

საჯარო სკოლებში კომპიუტერების დეფიციტს არაერთი დირექტორი უჩივის. ტექნიკის ნაწილი მოძველებულია და მისი გამოყენება ფაქტობრივად, შეუძლებელია, ნაწილიც - არასაკმარისია. ახალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალის გამოყენება სავალდებულო ხდება, გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ სასწავლო წელი დისტანციურად იწყება და თუ 4 ოქტომბრის შემდეგ კვლავ იგივენაირად ან უკეთეს შემთხვევაში, ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება,  სკოლებში გამართული კომპიუტერების აუცილებლობა კიდევ უფრო საჭირო გახდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკოლებში მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მიმდინარეობს, რომელიც პირდაპირ მოიაზრებს ელექტრონული რესურსების გამოყენებას, ეს კი კომპიუტერის გარეშე, დაგვეთანხმებით, შეუძლებელია.

გარდა ამისა, თუ სასწავლო პროცესი მხოლოდ ონლაინ რეჟიმით წარიმართება, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გარკვეულ რაოდენობას, სკოლაში სიარული მაინც მოუწევს პირადი ტექნიკის გაუმართაობის ან არარსებობის გამო.

ფაქტი ერთია - კომპიუტერი ყველა სკოლას სჭირდება.

როგორც etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, ახალი სასწავლო წლის დადგომამდე თბილისის საჯარო სკოლების ნაწილი ახალ ტექნიკას მიიღებს. რამდენიმე სკოლას ლეპტოპები უკვე გადაეცა და მათი განთავსება საგნობრივ კაბინეტებში იგეგმება -  თითოეულ კაბინეტში ერთი ლეპტოპი იქნება.

აღიჭურვება თუ არა ყველა სკოლის საგნობრივი კაბინეტები კომპიუტერებით? - ამ კითხვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ყოველ წელს მიმდინარეობს სკოლებში ტექნიკის განახლების პროცესი და ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203