საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვისას განაცხადა: „როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა - სამოქალაქო ვალდებულება.“
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს.
„მინდა ყველას მოგილოცოთ დღეს მარიამობა, ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს!
ღვთისმშობლის მიძინების დღესასაწაული მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასაწაულია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოსა და ქართველებისთვის!
როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით.
თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს, იმას რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად, არ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, ყველაფერი რისი საშუალებაც გაგვაჩნია ჩვენ პირადად თუ კოლექტიურად. ეს ნიშნავს დაცვის ყველა საშუალების გამოყენებას: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, თავყრილობებისგან თავის შეკავებას.
რა ფასი უნდა ჰქონდეს ქორწილს, დაბადების დღეს, ან ქელეხს თუ, მას მოჰყვება ჩვენი ახლობლების ინფიცირება, მძიმე დაავადება და შესაძლო გარდაცვალება.
ერთი მხრივ, საკუთარ თავზე ეგოისტურად რაღაცების გვეშინია, და მეორე მხრივ, საკუთარ თავზე ვიღებთ სხვისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების უდიდეს პასუხისმგებლობას.
აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს, და დღეს უკვე ვხედავთ რომ, ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება. არ შეიძლება არ დავინახოთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოგრაფიული მდგრადობისთვის.
არ შეიძლება არ გავიმეორო თუ რამდენად აუცილებელია აცრა, რამდენად გვიცავს ის დაავადების, ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალებებისგანაც კი.
არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ უარყოფითი პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს და ცრუ შიშებს ბადებს, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშავდება და ვრცელდება.
ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა - სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!
მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან- გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა.
ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!" -აცხადებს პრეზიდენტი.