რამდენპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხეთ უნივერსიტეტში - საბოლოო შედეგები ცნობილია
30-08-2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით აბიტურიენტმა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე: online.naec.ge-ზე. შესაბამის ველში კი უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. 

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.

საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ - გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29362 - მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი

სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ  სტუდენტზე,  სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1330-ზე მეტი გამოსაცდელი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი  38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა 3%-მდე ისარგებლა - სულ შემოვიდა 3355 სააპელაციო განაცხადი, მათგან შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 25 საგამოცდო ცენტრი. პროცესი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოაწყო სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელთათვის, რომელთაც აღენიშნებოდათ  ტემპერატურა. გარდა ამისა, 2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო უპრეცედენტო რაოდენობის სესიების უსაფრთხოდ ორგანიზება და ჩატარება - დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა 600-ზე მეტი მონაწილისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. მათგან აბიტურიენტი იყო 200-ზე მეტი. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203